პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ევროკავშირში მსოფლიო ომისთვის მზადყოფნა არსებობს

 პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო, ევროკავშირში მსოფლიო ომისთვის მზადყოფნა არსებობს. ამის შესახებ უნგრეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

სიიარტოს თქმით, ევროკავშირის სტრატეგია წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებამ არ გააუმჯობესა უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე და ვერ მიაახლოვა მსოფლიო მშვიდობასთან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ომში შემდგომი მსხვერპლისა და ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, აუცილებელია მშვიდობიანი, დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურება.

ამასთან, სიიარტოს თქმით, სამშვიდობო კონფერენციები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას ომის მონაწილე ყველა მხარე დაესწრება.

უნგრელმა დიპლომატმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის განზრახვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით, რადგანაც, მისი მტკიცებით, წინა 13 სასანქციო პაკეტი წარუმატებელი იყო. მისივე თქმით, ევროპის მიერ მიღებულმა შეზღუდვებმა უფრო მეტი ზიანი მიაყენეს ევროპას, ვიდრე – რუსეთს.