პარიზში, ერთ-ერთ სკოლასთან პოლიციასა და სკოლის მოსწავლეებს შორის შეტაკება მოხდა, გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

პარიზი

საფრანგეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ სკოლასთან პოლიციასა და სკოლის მოსწავლეებს შორის, რომლებიც სასწავლებლებს ბლოკავდნენ, შეტაკება მოხდა. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. პარიზში დილიდან დაკავებულია 95 ადამიანი.

ფრანგული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებს ნიღბები ეკეთათ. მათ პოლიციის მანქანების შესაკავებლად ნაგვის ყუთები გამოიყენეს. აქტივისტების ნაწილმა ასევე ცეცხლი გააჩინა და პოლიციელებს პიროტექნიკა დაუშინა.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დღეს დილიდან საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სასწავლო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გზების ბლოკირების მცდელობისას 105 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 95 ადამიანი პარიზში. ფრანგული მედია წერს, რომ აქტივისტები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გზებს ამ წუთებშიც ბლოკავენ. მედია ასევე იუწყება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შესახებ.

ცნობისთვის, დღეს პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, რომლის მონაწილეებიც „ყველაფრის დაბლოკვით“ იმუქრებიან. მომიტინგეები ეწინააღმდეგებიან საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს საბიუჯეტო გეგმას, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.