ოპერაცია რაფაჰსა და ღაზის მთელ ტერიტორიაზე „ჰამასის“ ლიკვიდაციამდე და მძევლების დაბრუნებამდე გაგრძელდება - იოავ გალანტი

იოავ გალანტი

ისრაელი რაფაჰში „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ქვეყნის თავდაცვის ძალების ცნობით, რაფაჰიდან სამხრეთ ისრაელის, კერემ შალომის გამშვები პუნქტისა და რეიმის ტერიტორიების მიმართულებით, რაკეტები ისროლეს. კერემ შალომში 6 რაკეტა მოიგერიეს, რეიმის მიმართულებით გაშვებული 12 ჭურვიდან, 5 საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, დანარჩენი კი ღია ზონაში დაეცა. არავინ დაშავებულა.

რაფაჰში ისრაელის თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. იოავ გალანტი აცხადებს, რომ ოპერაცია რაჰაფში „ჰამასის“ სრულ განადგურებამდე და თითოეული ისრაელელი მძევლის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

„მე ჩავედი რაფაჰში და იქ მოქმედი სამხედრო დანაყოფების სარდლებსა და მეთაურებს შევხვდი. ყველას ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა შევახსენო. მკვლელები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიასა და სოფლებს დაესხნენ თავს, რაფაჰის მკვიდრები იყვნენ. მათ კვალზე მივდივართ, ვინც ჩვენს შვილებს ესხმიან თავს, ოპერაცია რაფაჰსა და ღაზის მთელ ტერიტორიაზე, გაგრძელდება „ჰამასის“ ლიკვიდაციამდე და მძევლების დაბრუნებამდე. მზად ვართ კომპრომისისთვის, მაგრამ თუ ჩვენი შეთანხმება არ შესრულდება, ოპერაცია კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგანაც „ჰამასს“ მხოლოდ ძალის ენა ესმის“, - აღნიშნა იოავ გალანტმა.