Le Monde: აშშ-ს ეჭვი ეპარება, რომ ევროპა, რომელიც მათი თქმით, „ცივილიზაციური წაშლის“ საფრთხის წინაშე დგას და დემოკრატიის „ძირგამომთხრელია“, იმის ღირსია, რომ მოკავშირეთა შორის ირიცხებოდეს

ჯო

ევროპას ორმაგი უარყოფა ემუქრება - პირველი იქნება იმ გზავნილის უგულებელყოფა, რომელსაც დონალდ ტრამპის აშშ ევროპელებს უგზავნის: ატლანტიკური ალიანსი მათ აღარ აინტერესებთ; მეორე იქნება ტრამპის ამერიკის მიერ დახატული გავლენადაკარგული ევროკავშირის პორტრეტის ზიზღით მოპყრობა: სამწუხაროდ, ეს სიმართლის მარცვალს შეიცავს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde.

„ოპტიმისტები იტყვიან, რომ ნატო კვლავ არსებობს. ნატოს ბაზები ევროპაში არ დახურულა. ვაშინგტონი ინარჩუნებს დაფინანსების თავის წილსა და ჯარების ძირითად ნაწილს. თუმცა, ხელშეკრულების სულისკვეთება დახშულია, განეიტრალებულია. ატლანტის ოკეანის ორსავე მხარეს დამყარებული სოლიდარობა აღარ არის ავტომატური, ის პირობებზე დამოკიდებული ხდება. თავდაცვის პაქტი ნდობას ეფუძნება, ეს ნდობა კი დარღვეულია. ის საერთო ღირებულებებს ეყრდნობოდა, რომლებიც ტრამპისთვის ინდიფერენტულია, თუ სრულიად უცხო არა“, - წერს სტატიის ავტორი.

„ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 5 დეკემბერს გამოქვეყნებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია აანონსებს ახალი ფორმის D-Day-ს - Departure Day - ანუ „გასვლის დღეს“. ამერიკა მიდის. აშშ-ს ეჭვი ეპარება, რომ ევროპა, რომელიც მათი თქმით სრულ დეკადანსშია, „ცივილიზაციური წაშლის“ საფრთხის წინაშე დგას და დემოკრატიის „ძირგამომთხრელია“, საერთოდ იმის ღირსია, რომ მათ მოკავშირეთა შორის ირიცხებოდეს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ „სავსებით სამართლიანია კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ დონალდ ტრამპის მიერ ჩატარებული ცივილიზაციისა და დემოკრატიის გაკვეთილების მართებულობა“, თუმცა, მისი თქმით, „ნამდვილი კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: რა მოხდება, თუ ნატო მხოლოდ ერთგვარი „ფრჩხილებში ჩასმული“ პერიოდი, გამონაკლისი იყო იმ ამერიკისთვის, რომლის ტრადიცია, ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, საზღვარგარეთ ყოველგვარი ხანგრძლივი ვალდებულებისადმი უნდობლობა იყო? „მოერიდეთ ყოველგვარ მუდმივ ალიანსს მსოფლიოს რომელიმე ნაწილთან“, - ამბობდა ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკის კავშირის პირველი პრეზიდენტი, თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში 1796 წლის 19 სექტემბერს“.

„ტრამპისტულ მსოფლმხედველობაში, რომელიც 5 დეკემბერს იყო წარმოდგენილი, ვლადიმირ პუტინის რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ ის ევროპისთვის აღარანაირ რისკს აღარ შეიცავს, მაშინ რაღაში უნდა გამოდგეს ნატო? უკრაინის წინააღმდეგ აგრესია ნახსენებიც კი არ არის. ჩინეთთან მეტოქეობა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური ან ტექნოლოგიურია. თუმცა, არც ჩინეთის თავდაცვითი ძალისხმევის მასშტაბები, არც „ცისქვეშეთის“ სამხედრო-ბირთვული პოტენციალის ზრდა და არც მისი რეგულარული თავდასხმები კიბერსივრცეში თუ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში გავლენის სფეროს გაფართოების სურვილი, ნახსენები არ არის“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრამპისთვის „ნამდვილი მტერი ევროპაა, ან უფრო ზუსტად - ევროკავშირი“.

„კრიტიკა, დარიგებები და დამამცირებელი გამონათქვამები სწორედ ევროკავშირისთვის არის შემონახული. ტრამპს ის ადრე უკვე ჰყავდა მოხსენიებული აშშ-ის „ყველაზე ბოროტ [ეკონომიკურ] მტრად“ - ორგანიზაციად, რომელიც თითქოს მხოლოდ მათ [ამერიკელების] „გასაცურებლად“ შეიქმნა. ევროპელი ლიდერების მისამართით კი პრეზიდენტმა ახლახან კიდევ რამდენიმე „ეპითეტი“ დაამატა - ისინი არიან „უძლურნი“ და ზოგიერთი მათგანი „სულელიც“. ილონ მასკი, პრეზიდენტის მეგობარი, ევროკავშირის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ტრამპის ადმინისტრაციაც სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მოქმედებას. ამ მეტად ოფიციალურ დოკუმენტში ის აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა, მისი „სტრატეგია“, იქნება ევროკავშირის ქვეყნებში ე.წ. „პატრიოტული“ პარტიების მხარდაჭერა - იმ უკიდურესი მემარჯვენეებისა, რომლებიც, ფრანგული „ეროვნული გაერთიანებიდან“ გერმანულ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიამდე, დაუღალავად ახდენენ ევროპული პროექტის სტიგმატიზაციას და პუტინის რუსეთს განადიდებენ. ფრანგ ამომრჩევლებს ეს 2027 წლის მაისში უნდა ახსოვდეთ“, - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ეკონომიკური უკანდახევა ციფრებშიც აისახება.

„მაშინ როცა მსოფლიო დოვლათის წარმოებაში აშშ-ის წილი დიდი ხანია თითქმის არ შეცვლილა [დაახლოებით 20%-ის ფარგლებშია], ევროკავშირის წილი მცირდება - დღეს ის 13%-ს შეადგენს, ხოლო 2050 წლისთვის 9% იქნება. როდესაც 5 დეკემბრის დოკუმენტი ევროპის ეკონომიკურ „უკანდახევაზე“ საუბრობს, ის მიზანში არტყამს. უსაფრთხოების მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ხოლო, სხვა საკითხებთან ერთად, იშვიათი წიაღისეულის მხრივ ჩინეთზე დამოკიდებული; აქა-იქ გარემოსდაცვით პროტექციონიზმში დადანაშაულებული ევროპა გარკვეულ იზოლაციას განიცდის - რომ არაფერი ვთქვათ მის წშლაზე. 5 დეკემბრის გზავნილი სწორედ ამ კონტექსტშიც უნდა იყოს წაკითხული“, - დაასკვნა სტატიის ავტორმა.