კირ სტარმერი - ჩვენ არა მხოლოდ უკრაინისთვის ვიბრძვით, არამედ თავისუფლების, უსაფრთხოებისთვის, რომელსაც აფასებენ ბრიტანელი და ევროპელი ხალხი

კჰკ

ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ სამიტის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ კოალიცია უკრაინას უჭერს მხარს უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, რომელსაც აფასებენ ბრიტანელი და ევროპელი ხალხი. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა სტარმერმა პრესკონფერენციაზე.

ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა აღნიშნა, რომ კოალიცია მხარს უჭერს როგორც უკრაინას, ისე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის იდეას, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან.

„პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისაც არ სურს ამ ომის შეჩერება“, – განაცხადა სტარმერმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე „მსურველთა კოალიციამ“ მიმდინარე წლის გეგმა შეიმუშავა.

„შეხვედრაზე „მსურველთა კოალიციამ“ მიმდინარე წლის დანარჩენი პერიოდისთვის მკაფიო გეგმა შეიმუშავა: პირველ რიგში, ჩვენ მივიღებთ ზომებს რუსული ნავთობისა და გაზის გლობალური ბაზრიდან ამოსაღებად. ასევე ჩვენ გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ მუშაობა რუსეთის გაყინულ სუვერენულ აქტივებზე და განვბლოკოთ მილიარდები უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად. უკრაინაში განხორციელებული ნგრევის საფასური რუსეთმა უნდა გადაიხადოს, ამიტომ ჩვენ გვსურს, სწრაფად წავიდეთ წინ რეპარაციული სესხების მიწოდების პროცესში. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ მისი მოსახლეობა და ენერგოინფრასტრუქტურა. ვაჩქარებთ ბრიტანულ პროგრამას, რათა უკრაინას მივაწოდოთ 5 000-ზე მეტი მსუბუქი მრავალფუნქციური რაკეტა. ჩვენ შევინარჩუნებთ სამხედრო ზეწოლას პუტინზე შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობების მუდმივი მიწოდებით. ასევე განვაგრძობთ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიებზე. გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ ზეწოლა პუტინზე და საბოლოოდ მოვიყვანოთ იგი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა სტარმერმა.