კაია კალასმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადა

კაია კალასი

აია კალასმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადა. ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ დაამტკიცა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება.

„როდესაც ყველა პირობა დაკმაყოფილდება და პროცესი დასრულდება, სომხეთი და დანარჩენი ევროპა ერთმანეთს დაუახლოვდებიან“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა.

„ევროკავშირი და სომხეთი არასდროს ყოფილან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა. დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ პოლიტიკური შეთანხმება ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგის შესახებ. ასევე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ“, – წერს კალასი.

კალასის თქმით, ევროკავშირი 270 მილიონ ევროს გამოყოფს სომხეთის მდგრადობისა და ზრდის გეგმისთვის 2024-2027 წლების პერიოდისთვის. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის მხარდაჭერას, სომხეთსა და ევროკავშირს შორის კავშირების განვითარებას, ასევე რეფორმების მხარდაჭერას.