1750402427
ისრაელის სამხედრო ძალების სპეცოპერაცია ირანში გრძელდება, საპასუხო შეტევებს ახორციელებს ირანიც

ისრაელის სამხედრო ძალების სპეცოპერაცია "აღმავალი ლომი" ირანში გრძელდება. "ცაჰალმა", თეირანში, ისლამური რესპუბლიკის საპოლიციო სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზას შეუტია. აფეთქებები იყო დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ ბუნკერთანაც, სადაც აიათოლა ალი ხამენეი იმყოფება.
საპასუხო შეტევებს ახორციელებს ირანიც - ისრაელის რამდენიმე ქალაქში კვლავ განგაშის სიგნალი ჩაირთო. მოქალაქეები თავშესაფრებში იმყოფებიან. აქტიურად მუშაობს რკინის გუმბათი.
აფეთქებების პარალელურად, ისრაელის მედია იტყობინება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ, შეხვედრის თხოვნით, ევროპელ კოლეგებს მიმართა. აბბას არაღჩიმ, მოლაპარაკების სურვილთან ერთად, მუქარაც გააჟღერა - თუკი იერიშები გაგრძელდება, თეირანი ბირთვული პროგრამის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას დატოვებს.
თეირანში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ვაშინგტონიდან. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მომდევნო ორ კვირაში გადაწყვეტს, ჩაერთვება თუ არა ამერიკა სპეცოპერაციაში.