ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი ბალისტიკური რაკეტა

რაკეტა

ირანმა ისრაელზე თავდასხმისთვის პირველად გამოიყენა მესამე თაობის მრავალქობინიანი „ხეიბარ შეკანის“ ბალისტიკური რაკეტა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტამ წარმატებით მიაღწია დასახულ მიზნებს.

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის მეოცე ტალღა რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ფორდოში, ნატანზსა და ისპაჰანში მდებარე სამ ირანულ ბირთვულ ობიექტს დაარტყა. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სტრატეგიული სამიზნეების მიმართულებით სულ 40 მყარი და თხევადი საწვავით მომუშავე რაკეტა გაუშვეს.

ირანული მედიის თანახმად, რაკეტები იყენებდნენ მანევრირებად ქობინებს, რომლებსაც შეეძლოთ დაშვების დროს ტრაექტორიის რეგულირება, დარტყმამდე ორიენტირების შენარჩუნება და მრავალი მაღალფეთქებადი, ძლიერ დამანგრეველი ტვირთის გადატანა.