1766083043
„გარდიანი“: რუსეთის სამხედრო დაზვერვა ბელგიელი პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობდა რუსეთის გაყინული აქტივების გამო
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ ბელგიელი პოლიტიკოსები და ფინანსური ხელმძღვანელები რუსეთის დაზვერვის მხრიდან დაშინების სამიზნე იყვნენ, რათა რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება არ მოხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ევროპის სადაზვერვო სამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უპირველეს ყოვლისა ზეწოლა ხორციელდებოდა „ევროკლერზე“, სადაც გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი ინახება. მუქარები ისმოდა როგორც „ევროკლერის“ გენერალური დირექტორის, ისე სხვა მაღალჩინოსნების მისამართით.
ცნობისთვის, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თქვა – „ვინ დაიჯერებს, რომ პუტინი მშვიდად მიიღებს რუსული აქტივების კონფისკაციას? მოსკოვმა გაგვაგებინა, რომ ასეთ შემთხვევაში ბელგია და პირადად მეც ვიგრძნობთ შედეგებს“.
ბელგია ამ დრომდე უარს აცხადებს რუსული გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა დამატებითი საერთო ევროპული გარანტიები მოითხოვა, რათა შესაძლო რისკები თავიდან იყოს აცილებული.
რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების თემაზე დღეს ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ.










