გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მარტა კოსი მონაწილეობას მიიღებს ლვოვში ევროკავშირის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც უკრაინის ევროინტეგრაცია იქნება განხილული.

არაფორმალური შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. მანამდე, მარტა კოსმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან, ოლგა იუხიმჩუკთან ერთად მოინახულა ერთ-ერთი თბოელექტროსადგური, რომელიც არაერთხელ გახდა რუსეთის დარტყმების სამიზნე.

ევროკომისიის ცნობით, ამჟამად აღნიშნული თბოელექტროსადგურის აღდგენა მიმდინარეობს უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდის დახმარებით. მარტა კოსი უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერთან, ტარას კაჩკასთან და უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერთან, ალექსანდრ კორნიენკოსთან ერთად გეგმავს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

ასევე, ევროკომისარი ცალკე შეხვედრას გამართავს კაჩკასთან, რომელთან ერთადაც განიხილავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებს. 11 დეკემბერს მარტა კოსი მონაწილეობას მიიღებს დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში და გააკეთებს განცხადებას პრესისთვის.