გაერო ღაზაში მასობრივი სამარხების აღმოჩენაზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს

ღაზა

გაერო ღაზის სექტორში მასობრივი სამარხების აღმოჩენის გამო შეშფოთებულია. საერთაშორისო ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ თურქი, ფაქტის დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით საავადმყოფოებს აქვთ განსაკუთრებული დაცვის უფლება. და მშვიდობიანი მოსახლეობის, დაკავებულების და სხვა ადამიანების განზრახ მკვლელობა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, ომის დანაშაულია“, - განაცხადა მან.

პალესტინური მხარის განცხადებით, ანკლავში ნასერის სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე 283 ადამიანის სამარხს მიაგნეს. მათგან მხოლოდ 42-ის იდენტიფიცირება მოხერხდა. ნასერის სამედიცინო ცენტრში ისრაელის ოპერაციის დაწყებამდე, საავადმყოფოს პერსონალმა განაცხადა, რომ რამდენიმე გარდაცვლილი ტერიტორიაზე თავად დამარხეს, რადგან მათ სასაფლაოზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ.