ფორდოს ობიექტი, როგორც ჩანს, ძლიერ დაზიანებულია, თუმცა, არ განადგურებულა - ექსპერტები

ფორდოს ობიექტი

ისრაელის სამხედროების საწყისი ანალიზის თანახმად, ფორდოს ძლიერ დაცულმა ბირთვულმა ობიექტმა კვირას ამერიკული დარტყმის შედეგად სერიოზული დაზიანება მიიღო, თუმცა სრულად არ განადგურებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ისრაელის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ, სავარაუდოდ, ირანმა ობიექტიდან გადაიტანა აღჭურვილობა, მათ შორის ურანიც.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე დაადასტურა, რომ ფორდოს ობიექტზე განხორციელებულმა ამერიკულმა დარტყმამ არ გაანადგურა ძლიერ გამაგრებული ობიექტი, თუმცა მისი თქმით, დარტყმამ მძიმედ დააზიანა იგი, რის გამოც ის „გამოუსადეგარი გახდა“.

ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ზიანის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა.