ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში იმყოფება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბლინკენი ერ-რიადში 5 არაბული ქვეყნის (კატარი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იორდანია) ლიდერებთან ისრაელთან ურთიერთობებსა და ღაზის სექტორის მომავალზე იმსჯელებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც.

საუდის არაბეთიდან ბლინკენი იორდანისა და ისრაელში გაემგზავრება. Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანს სურს დაარწმუნოს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ მან ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.