დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს საბრძოლო მასალა ეწურება. თუმცა, მისივე თქმით, თეირანი რაკეტების სროლას გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს.

„პოლიტიკოსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანის სამხედრო შესაძლებლობები დღითი დღე უარესდება და მას აშშ-თან თანამშრომლობა მოუწევს.

„ჩვენ გვაქვს შეუზღუდავი საბრძოლო მასალა. თავდაცვის კომპანიები სწრაფად აწარმოებენ სხვადასხვა საჭირო ნივთს. მათ საგანგებო ბრძანებები აქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ღია იქნებოდა ირანის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის, თუკი ასეთი იქნება.

„ირანის 49 მაღალი რანგის ლიდერი მოკლეს, არ დაგავიწყდეთ, ეს საკმაოდ ღრმა საკითხია, არა? ახლები ჩნდებიან. ბევრ ადამიანს სურს ეს სამსახური. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.