1754759209
დონალდ ტრამპის ახალი ტარიფები ძალაში შევიდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი ტარიფები ძალაში შევიდა. ტარიფები მოქმედებს აშშ-ის ათეულობით სავაჭრო პარტნიორთან მიმართებით. 7 აგვისტომდე, ფაქტობრივად, ყველა ქვეყნის საქონელზე, სულ მცირე, ათპროცენტიანი ტარიფი იყო დაწესებული. ახლა განაკვეთები მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
ყველაზე მაღალი განაკვეთები დაწესებულია ბრაზილიიდან (50%), ლაოსიდან (40%), მიანმარიდან (40%), შვეიცარიიდან (39%), ერაყიდან (35%) და სერბეთიდან (35%) შემოტანილ საქონელზე. დამატებით 21 ქვეყანას ასევე 15 პროცენტზე მეტი გადასახადი დაეკისრება.
ეს მოიცავს რამდენიმე ქვეყანას, რომლებზეც აშშ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, როგორიცაა ვიეტნამი (20%), ინდოეთი (25%), ტაივანი (20%) და ტაილანდი (19%). ინდოეთიდან შეტანილ საქონელზე შესაძლოა, დამატებით 25-პროცენტიანი ტარიფი დაწესდეს, რაც ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანების შედეგია, რომელიც ინდოეთის რუსეთიდან ნავთობის შეძენისთვის დაჯარიმებას ისახავს მიზნად.
მეორადი ტარიფის ამოქმედება 27 აგვისტოს იგეგმება.
ოცდაცხრამეტი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრების საქონელზე 15-პროცენტიანი ტარიფი მოქმედებს. კანადისა და მექსიკის გარდა, ყველა სხვა ქვეყანა, საიდანაც აშშ საქონლის იმპორტს ახორციელებს, კვლავაც, სულ მცირე, ათპროცენტიანი ტარიფის წინაშე დადგება, თუმცა რამდენიმე გამონაკლისით.
მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილი საქონელი თავისუფლდება ტარიფებისგან, თუ ის შეესაბამება აშშ-მექსიკა-კანადის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მექსიკიდან შეტანილ საქონელზე 25-პროცენტიანი ტარიფი დაირიცხება, ხოლო კანადიდან შეტანილ საქონელზე – 35-პროცენტიანი ტარიფი.