დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იცის, ვის დანიშნავს ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელად

ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იცის, ვის დანიშნავს ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, როდის გამოაცხადებს ახალ თავმჯდომარესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

„მე ვიცი, ვინ მინდა ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. ოდესმე გამოვაცხადებ, მაგრამ ვიცი, ვინ მინდა“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების ფორმალურ მიზეზად ვაშინგტონში მდებარე აშშ-ის ეროვნული ბანკის შტაბ-ბინის რეკონსტრუქცია დასახელდა, რაც 2.5 მილიარდი დოლარი დაჯდა. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს ამ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და აღნიშნულ საკითხზე ანგარიშის წარდგენისას კონგრესის წევრების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

ჯერომ პაუელს თანამდებობაზე ყოფნის ვადა მაისში ეწურება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, პაუელის შემცვლელად, შესაძლოა, წარადგინოს ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი გუბერნატორი კევინ უორში ან ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი კევინ ჰასეტი.