დონალდ ტრამპი - აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელასა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრესკონფერენცია დღეს, დილის 11:00 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის. ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი გამოჩნდა.

ვენესუელის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვენესუელის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთელი ქვეყანა „იმპერიალისტური აგრესიის დასამარცხებლად უნდა მობილიზდეს. ამასთან, ვენესუელამ აშშ თავდასხმაში დაადანაშაულა და „სამხედრო აგრესია“ დაგმო, ამ აგრესიის მიზნად კი ვაშინგტონის მიერ ქვეყნის ნავთობისა და მინერალების მითვისების სურვილი დაასახელა.