ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ფორმალური მეთაური გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ფორმალური მეთაური გარდაიცვალა

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი სახალხო კრების პრეზიდიუმის ყოფილი თავმჯდომარე კიმ იონ ნამი 97 წლისა გარდაიცვალა.

კიმ იონ ნამი ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარე 1998- 2019 წლებში იყო. ამ თანამდებობაზე მყოფი პირი ფორმალურად ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივი ძალაუფლება ქვეყანაში კიმების ოჯახს ეკუთვნის. კიმ იონ ნამი ასევე 15 წლის განმავლობაში იყო ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კორეის ცენტრალური ტელეგრაფული სააგენტოს ცნობით, მასთან გამოსამშვიდობებლად ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მივიდა.