1756843001
ჩემი ქვეყანა, სხვა ქვეყნებთან ერთად, აშშ-ისგან უკრაინისთვის იარაღს შეიძენს - ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი

ლუქსემბურგი აშშ-ისგან უკრაინისთვის იარაღს შეიძენს, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა განაცხადა.
ფრიდენის თქმით, მისი ქვეყანა აპირებს, წვლილი შეიტანოს ახალ შეთანხმებაში, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
როგორც ფრიდენმა განმარტა, ლუქსემბურგი 500 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს მარტო არ დააფინანსებს და აპირებს, პარტნიორები მოძებნოს.
„დავაფინანსებთ პაკეტს სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებიც ჩვენ ჯერ უნდა განვსაზღვროთ. ეს არის უკვე არსებული პაკეტი, ამერიკული შეიარაღება, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ“, – აღნიშნა ფრიდენმა.
ამასთან, ამ ინიციატივისთვის ბელგიამ გამოყო 100 მილიონი ევრო, კანადამ 500 მილიონი დოლარი, გერმანიამ 500 მილიონი დოლარი და ლიეტუვამ 30 მილიონი დოლარი. ნიდერლანდებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, ხოლო დანიამ, ნორვეგიამ და შვედეთმა განაცხადეს, რომ 500 მილიონდოლარიან პაკეტს ერთობლივად დააფინანსებენ.