ბელგიაში დღეს გამოცხადებული საყოველთაო გაფიცვის გამო ბრიუსელის აეროპორტში რეისები გაუქმდა

ბრიუსელის აეროპორტი

ბელგიაში დღეს საყოველთაო გაფიცვაა გამოცხადებული, პროფკავშირების პროტესტის გამო ბრიუსელის აეროპორტში რეისები გაუქმდა, შეფერხება ათობით ათას მგზავრს შეეხო.

დღეს ბელგიის დედაქალაქში ასევე შეფერხებულია მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსების მიმოსვლა.

პროფკავშირები აპროტესტებენ მთავრობის მიერ ინიციირებულ ხარჯების შემცირების ზომებს, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფის რეფორმას და ღამის საათებში მუშაობის ახალ წესებს. ხელისუფლება ცდილობს საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას, რომელიც ევროკავშირში განსაზღვრულ ზღვარს აჭარბებს.

როგორც მოსალოდნელია, პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში ბრიუსელის ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

საპროტესტო აქცია გააძლიერებს პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის მთავრობაზე ზეწოლას, რომელმაც გუშინ ბიუჯეტის შეთანხმება ვერ შეძლო, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში დღეს დაგეგმილი გამოსვლა გადადო.