აშშ-მა ირანული ნავთობის კონტრაბანდით დაკავებულ ერაყულ კომპანიასა და „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ფინანსურ დაწესებულებას სანქციები დაუწესა

სახაზინო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანული ნავთობის კონტრაბანდით დაკავებულ ერაყულ კომპანიასა და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ფინანსურ დაწესებულებას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია განმარტებული, შავ სიაში მოხვდა ერაყელი ბიზნესმენის, სალიმ აჰმედ საიდის კომპანიების ქსელი, რომელიც 2020 წლიდან, მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანულ ნავთობს რეალიზაციაში ისე უშვებდა, თითქოს ის ერაყული წარმოშობის იყო.

სანქციები დაუწესდა ასევე რამდენიმე ტანკერს, რომლებიც ნავთობის ტრანსპორტირებაში იყო ჩართული.