1761034128
აშშ და კატარი ევროკავშირს გათხევადებული გაზის მიწოდების შემცირებით ემუქრებიან, თუ ბლოკი უარს არ იტყვის ახალ რეგულაციებზე კლიმატისა და ადამიანის უფლებების სფეროში - „ფაინენშელ თაიმსი“

აშშ და კატარი ევროკავშირს გათხევადებული გაზის მიწოდების შემცირებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანება უარს არ იტყვის ახალ, გამკაცრებულ რეგულაციებზე კლიმატისა და ადამიანის უფლებების სფეროში. ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
ვაშინგტონსა და დოჰაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის კორპორაციული მდგრადობის სათანადო შემოწმების დირექტივა წარმოადგენს „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ევროპული ეკონომიკის ზრდისთვის, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენებს მის ენერგოუსაფრთხოებას.
„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ კორპორაციული მდგრადობის სათანადო შემოწმების დირექტივა 2027 წლიდან უნდა ამოქმედდეს და ევროკავშირის ქვეყნებს უფლებამოსილებას მიანიჭებს გლობალური ბრუნვის 5%-მდე ოდენობით დააჯარიმონ კომპანიები, რომელთა მიწოდების ჯაჭვიც ზიანს აყენებს გარემოს ან ადამიანის უფლებებს.
კანონში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნები და ევროპარლამენტი მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე კვირის ბოლოდან გეგმავენ. ამჟამინდელი სახით კანონი შეეხება იმ ქვეყნების კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის წევრი არ არიან და რომელთა ბრუნვა ევროკავშირის ფარგლებში 450 მილიონ ევროს აღემატება.
გამოცემა წერს, რომ აშშ-სა და კატარში აცხადებენ, რომ აღნიშნული წესები ზიანს მიაყენებს გათხევადებული გაზის ექსპორტს, რომელიც ერთგვარი მაშველი რგოლი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
აღნიშნულია, რომ ევროკავშირის რეგულაციებმა, შესაძლოა, ასევე ზიანი მიაყენოს აშშ-სა და ევროკავშირს შორის ივლისში გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებასაც, რომელიც ევროკავშირს აშშ-ისგან 2028 წლის ბოლომდე 750 მილიარდი დოლარის ოდენობით ენერგომატარებლების შეძენას ავალდებულებს.
„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ევროკავშირი აშშ-ისგან გაზის, დაახლოებით, 16%-ს ყიდულობს, ხოლო კატარისგან – ოთხ პროცენტს. ამასთან 20 ოქტომბერს გამართულ მინისტერიალზე ევროპის ენერგეტიკის მინისტრები შეთანხმდნენ, 2027 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად უარი თქვან რუსული გაზის იმ დარჩენილ 19%-ზე, რომელსაც გაერთიანება ამ დრომდე მოსკოვისგან ყიდულობს. ეს კი ნიშნავს, რომ ბრიუსელს ალტერნატიული წყაროების მოძიება მოუწევს.