არარატ მირზოიანმა სერგეი ლავროვს მოუწოდა, არ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში

არარატ მირზოიან

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მოუწოდა, არ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში.

არარატ მირზოიანმა ეს განცხადება დღეს ერევანში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან, კაია კალასთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე გააკეთა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამგვარად უპასუხა რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ სომეხთა ეკლესიაზე გაუმართლებელი თავდასხმები შემაშფოთებელია.

„მე მოვასწარი და პრესკონფერენციამდე გავეცანი საყვარელი კოლეგის, ლავროვის კომენტარებს. ბატონი ლავროვის ინფორმაცია არასრული და არასწორია. თუ არ ვცდები, მან გამოიყენა გამონათქვამი „ხელისუფლების ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ“. ლავროვის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, სომხეთში არ მიმდინარეობს მთავრობის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. ის, რაც მას აქვს მხედველობაში, გულისხმობს ეკლესიის რამდენიმე წარმომადგენლის მონაწილეობას პოლიტიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველების ინფორმაციით, საუბარია ამ პირების მონაწილეობაზე უკანონო გადატრიალებაში.

„ეს სამართლებრივი პროცესია და სომხეთის შიდა საქმეა. უკეთესი იქნებოდა, ლავროვი არ ჩაერიოს სომხეთის შიდა საქმეებში“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანალოგიური მოწოდებით მირზოიანმა ასევე მიმართა რუს დეპუტატებს და რუსულ მედიას. მისი თქმით, ისინი დიდი პატივსცემით უნდა ეპყრობოდნენ სომხეთის სუვერენიტეტს და არასდროს არ უნდა ჩაერიონ სომხეთის საქმეებში.