ახლა დროა, ევროპელმა პარტნიორებმა ან იმოქმედონ, ან გაჩუმდნენ - სკოტ ბესენტი

სკოტ ბესენტი

ახლა დროა, ევროპელმა პარტნიორებმა ან იმოქმედონ, ან გაჩუმდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ბესენტს ჰკითხა – „თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის, პუტინს ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს სანქციების შესახებ. თქვენ ასევე მოუწოდებთ ევროპას, მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის ინიციატივას მეორადი სანქციების დაწესების შესახებ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ ნავთობს. რას ელოდებით ამ საუბრისგან და რას ეტყოდით ევროპელ ლიდერებს ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა“.

„აქ ორი ნაწილია, პირველი, პრეზიდენტ ტრამპს აქვს მოლაპარაკების სტრატეგია. ბოლო რამდენიმე კვირისა და დღის განმავლობაში, პრეზიდენტმა ბევრი ნაბიჯი გადადგა ამისთვის. ასე რომ, ის ამ დიალოგში შევა ძალიან ძლიერი პოზიციით. მეორე, მინდა, ვთქვა, რომ ახლა დროა, ევროპელმა პარტნიორებმა ან იმოქმედონ, ან გაჩუმდნენ. ისინი კვლავ ამბობენ: ო, ამერიკამ უნდა გააკეთოს ეს, ამერიკამ უნდა გააკეთოს ის. პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთს დაუწესა მეორადი სანქციები ან მეორადი ტარიფები რუსული ნავთობის გამო, ხოლო ევროპელებს ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ევროპელები ყიდულობენ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს, რომლებსაც ინდოელები აწარმოებენ. ამიტომ, საჭიროა კოორდინაცია. თუ გვინდა, რომ გვქონდეს ერთიანი ფრონტი, რაც პრეზიდენტ ტრამპს მისცემს მაქსიმალურ ბერკეტს, მაშინ ვფიქრობ, რომ ევროპელმა პარტნიორებმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ“,- განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ბესენტმა უპასუხა, რომ არ იცის.

„არ ვიცი. რაც მე ვიცი, არის ის, რომ ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. დონალდ ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია, ის ალაგებს ამ არეულობას. მას უნდა, რომ ეს სისხლის ღვრა შეჩერდეს. ჩვენ ვნახავთ, მზადაა თუ არა პუტინი მოლაპარაკებებისთვის. ეს მისი შანსია, თუ მას სურს სისხლის ღვრის შეჩერება, პრეზიდენტი ტრამპი მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს. ეს დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ პუტინზე“, – აღნიშნა ბესენტმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა იმდენად შორს წასვლას, რომ ჩინეთსაც დაუწესონ მეორადი სანქციები, რადგან ისინიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, ბესენტმა უპასუხა, რომ „ყველა ვარიანტი მაგიდაზეა“.