2026 წლის ევროვიზიის კონკურსს, ისრაელის მონაწილეობის გამო, ისლანდიაც ბოიკოტს უცხადებს

ევროვიზია 2026

ისლანდია მეხუთე ქვეყანა გახდა, რომელმაც ევროვიზიის კონკურსს ბოიკოტს უცხადებს.

ისლანდიური საზოგადოებრივი მაუწყებლის, RÚV-ის ინფორმაციით, ქვეყანამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ისრაელს კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცა.

„ისრაელის ეროვნული მაუწყებლის კონკურსში მონაწილეობამ უთანხმოება შეუქმნა როგორც EBU-ს წევრებს, ასევე ფართო საზოგადოებას“, – ნათქვამია RÚV-ის განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროვიზია 2026-ში მონაწილეობას არ მიიღებენ ესპანეთი, ირლანდია, სლოვენია, ნიდერლანდები და ისლანდია.

პარალელურად კი, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობა დაადასტურა. ეს ქვეყნებია: გერმანია, ფინეთი, ნორვეგია, დანია და საქართველო.

4 დეკემბერს ჟენევაში, გენერალურ ასამბლეაზე გამართულ შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებმა მხარი დაუჭირეს ევროვიზიის კონკურსის წესებში ცვლილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ღონისძიების ნდობის, გამჭვირვალობისა და ნეიტრალიტეტის გაძლიერებას.