10 წლის იყო, როდესაც მამინაცვალმა გაიტაცა, მოძალადისგან მას 9 შვილი შეეძინა - 20-წლიანი ტყვეობის ისტორია

ძალადობა

როზალინ მაგინისი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპრინგფილდში დაიბადა. ძალიან მშვიდი და ბეჯითი ბავშვი იყო. გოგონას ადრეული ასაკიდან დედა ზრდიდა. ერთ დღეს ქალი ჰენრი პიეტს შეხვდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთად ცხოვრება დაიწყეს.

მაშინ როზალინი 10 წლის იყო. მამინაცვლის სურვილით, დედა-შვილი ოკლაჰომაში გადავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რატომ იცვლიდნენ საცხოვრებელს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცმა ამ გზით მათი ახლობლებისა და ნათესავებისაგან იზოლირება მოახერხა.

კაცი როზალინის დედას გამუდმებით სცემდა და სექსუალურად ავიწროებდა. მაშინ ის 42 წლის იყო. როზალინის დედა ძალადობას ერთი წლის განმავლობაში ითმენდა. შემდეგ კი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს მიმართა და კაცს თავი საბოლოოდ დააღწია. თითქოს, ამ გზით წარსულის საშინელება უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბევრად უარესი რამ მოხდა.

1997 წლის 31 იანვარს როზალინი სკოლაში წავიდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვეღარ მივიდა. მას გზაში პიეტის ვაჟი შეხვდა, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. მანქანაში ჩასვა და იქ წაიყვანა, სადაც მამამ სთხოვა. ადგილზე მისული როზალინი ძალიან შეშინდა, მაგრამ მამინაცვალი არწმუნებდა, რომ დედაც მალე მივიდოდა და საშიში არაფერი იყო. თუმცა, ბავშვს დედა აღარ უნახავს. მამაკაცმა როზალინი სხვა ქალაქში წაიყვანა. გზად ეუბნებოდა, რომ დედამ მიატოვა და თუ სახლში დაბრუნებას მოინდომებდა, უბედურება მოხდებოდა.

როზალინი სკოლიდან რომ არ დაბრუნდა, დედამ მაშინვე პოლიციას შეატყობინა. გამოძიება დაიწყო, თუმცა როზალინისა და ჰენრის კვალს ვერსად მიაგნეს.

ამასობაში, ჰენრი გოგონაზე სასტიკად ძალადობდა. ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებდა და ბავშვს სცემდა. გოგონას თმა შეუღება, სათვალე გაუკეთა, რომ ვერავის ვერსად ეცნო და გარეთ გაუშვა, რომ მოწყალება ეთხოვა. როდესაც როზალინი 11 წლის გახდა, ჰენრიმ გადაწყვიტა, მასზე დაქორწინებულიყო. გოგონას აუპატიურებდა და გამუდმებით სცემდა. ბავშვმა გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყოველი მცდელობა კრახით დასრულდა. 

როზალინი პირველად რომ დაორსულდა, მას არალეგალურად აბორტი გაუკეთეს. 15 წლის ასაკში კი ფურგონში იმშობიარა. მათ ჯამში 9 შვილი შეეძინათ.

როდესაც გოგონა 18 წლის გახდა, ჰენრიმ აიძულა, პოლიციის განყოფილებაში წასულიყო და ეღიარებინა, რომ მექსიკელი მეგობრისგან დაორსულდა და სახლიდან შიშის გამო გაიქცა. მისი მთავარი მიზანი იყო, გოგონა დაკარგულ პირთა ეროვნული რეესტრიდან ამოეღოთ. თუ როზალინი ამას არ გააკეთებდა, ჰენრი შვილების დახოცვით ემუქრებოდა. ამიტომაც, ის გააკეთა, რაც უთხრა. პარალელურად, კაცი „შვილობილზე" ლეგალურადაც დაქორწინდა.

დრო გადიოდა, ჰენრი იმდენად დამოკიდებული იყო ნარკოტიკებზე, რომ ყველაფერი გაყიდა, რაც გააჩნდა და ოჯახთან ერთად კარავში დასახლდა. როზალინი დარჩენილ თანხას იზოგავდა. ერთ დღეს მაღაზიაში წავიდა და მისი ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა.

2016 წლის დასაწყისში როზალინი, რომელიც მაშინ ფსევდონიმად სტეფანის იყენებდა, სუპერმარკეტში საყიდლებზე წავიდა. გოგონას თან რამდენიმე შვილი ახლდა. მის გვერდით ცოლ-ქმარი აღმოჩნდა, რომლებიც გამოელაპარაკნენ და მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც არასწორად იყო. როზალინი მიხვდა, რომ გათავისუფლების შანსს თუ არ გამოიყენებდა, სამუდამო ტყვეობაში დარჩებოდა. მაშინ ის უკვე 30 წლის იყო, ჰენრი კი 62-ის.

გოგონამ მაღაზიაში ცოლ-ქმარს ყველაფერი უამბო. მათთვის იმდენად შემაძრწუნებელი იყო ეს ინფორმაცია, რომ მაშინვე უნდოდათ, შესაბამისი ზომები მიეღოთ. თუმცა, გადაწყვიტეს, ფრთხილად ემოქმედათ. დაელოდნენ იმ პერიოდს, როცა ჰენრი კიდევ ერთხელ გონების დაკარგვამდე დათვრებოდა, როზალინთან ტაქსი გააგზავნეს და ბავშვებიანად წამოიყვანეს. 2017 წელს გამტაცებელი დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებდა, თუმცა 2018 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ მას დააკისრა, რომ როზალინისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაეხადა. რაც შეეხება ჰენრის შვილს, რომელიც მამას როზალინის გატაცებაში დაეხმარა, მან მოსამართლე დაარწმუნა, რომ მამამ დააშინა და სხვა გზა არ ჰქონდა. ამიტომაც, ის ციხეში არ ჩაუსვამთ.