კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნულ სასახლეში მუსიკალური ზღაპარი - „ახალი წლის ღამე ტყეში“ გაიმართა

ახალი წლის ღამე ტყეში

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნულ სასახლეში წარმოდგენილი იყო მუსიკალური ზღაპარი - „ახალი წლის ღამე ტყეში“.

მუსიკალურ-თეატრალიზებულ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს სასახლის მოსწავლეებმა: ნიკა გულუაშვილმა, ანდრია დუგლაძემ, ბარბარე ქსოვრელმა, სიდონია იაკობაძემ; მუსიკალური სტუდია „მზიურის სკოლის“ წევრებმა და კონკურს „რანინას“ მონაწილეებმა. წარმოდგენაში, სპეციალური მოწვევით, ითამაშა მსახიობმა ქეთი კანტიძემ.

საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.

"მიხარია, რომ ეროვნულ სასახლეში საახალწლო ღონისძიებების ტრადიცია აღდგა. კულტურის სამინისტრო წელს ამ პროექტის მხარდამჭერია. მინდა, ყველას მივულოცო ახალი წელი. მოიყვანეთ თქვენი შვილები, რომ ნახონ ეს ლამაზი სივრცეები და ეზიარონ არაჩვეულებრივ მუსიკას", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საახალწლო წარმოდგენის რეჟისორია მალხაზ ასლამაზაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი - ქეთი გაბისიანი, მხატვარი - გვანცა ჯავახიშვილი.


ეროვნულ სასახლეში მუსიკალური ზღაპარი ასევე წარმოდგენილი იქნება 5, 6, 8 და 9 იანვარს. 8 იანვარს მას სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი მშობლები უსასყიდლოდ დაესწრებიან.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.