დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

ანიტა აბგარიანი

საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 13 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო კონკურსის ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი – „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი.

საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ხმის მიცემა შეგიძლიათ jesc.tv-ზე. ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, ბოლოს კი დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს. ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს.

ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, ამჯერად 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.