გატაცებული 11 წლის გოგონას ამბავი, რომელმაც 18 წელი ტყვეობაში გაატარა - როგორ დააღწია თავი მანიაკს

გაყაცებული

1990 წელს 11 წლის ჯეისი ლი დიუგარდი დედასთან, მამინაცვალთან და უმცროს დასთან ერთად კალიფორნიის ერთ-ერთ გარეუბანში გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ოჯახს მშვიდი გარემო ძალიან მოსწონდა.

1991 წლის 10 ივნისს ჯეისი სკოლაში მიდიოდა. სახლიდან მის გასვლას მამინაცვალიც აკვირდებოდა. უცებ, ვიდრე გაჩერებამდე მივიდოდა, მის წინ შავი სედანი გაჩერდა. მძღოლმა ხელი გადმოყო და ელექტროშოკის მსგავსი მოწყობილობით ჯეისის გონება დააკარგვინა. რამდენიმე წამში მანქანიდან ქალი გადმოვიდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი მანქანაში ჩასვა და მანქანაც დიდი სისწრაფით გაქანდა. ყველაფერი, ფაქტობრივად, წამებში მოხდა. მამინაცვალმა ეს ფაქტი დაინახა და მანქანას მაშინვე ველოსიპედით დაედევნა, თუმცა ნომრის დანახვა ვერ მოახერხა.

გოგონას მოსაძებნად გამოძიება მაშინვე დაიწყო. ერთ-ერთ პირველ ეჭვმიტანილებად ჯეისის ბიოლოგიური მამა და მამინაცვალი დასახელდნენ. თუმცა, მალევე მათი უდანაშაულობა დამტკიცდა. პოლიცია არაერთ ადამიანს კითხავდა, მაგრამ დამაიმედებელი არაფერი ჩანდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ საქმეზე პოლიციამ გულგრილობა გამოავლინა და სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალს ყურადღება არ მიაქცია. მაგალითად, 1992 წლის აპრილში განყოფილებაში ერთმა კაცმა დარეკა. მან თქვა, რომ ბენზინგასამართ სადგურზე, ყვითელ ფურგონში, ჯეისის მსგავსი გოგონა დაინახა. თუმცა, მანქანის ნომერი არ ახსოვდა. პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა და არც პერიმეტრი შეუსწავლიათ საფუძვლიანად. შემდეგ გაირკვა, რომ ყვითელ ფურგონში მართლაც გატაცებული გოგონა იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ პოლიციაში კიდევ ერთი ზარი შევიდა. მაშველი რეკავდა და ამბობდა, რომ თინეიჯერი გოგონა 51 წლის მამაკაცის ფილიპ გარიდოს სახლის აუზში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული მამაკაცი ადრე გაუპატიურებისათვის იყო ნასამართლევი და არასრულწლოვნებთან კონტაქტი ეკრძალებოდა, პოლიცია მის სახლში მაინც არ მისულა.

2009 წელს, როდესაც ჯეისის გაუჩინარებიდან 18 წელი გავიდა, ფილიპ გარიდო პოლიციას თავად ეწვია. მიზეზი საკმაოდ უცნაური იყო.

ის აპირებდა თანამშრომლებისთვის გადაეცა თავისი ესკიზები სექსუალური ძალადობის ჩამდენი ადამიანების რეაბილიტაციის გზების შესახებ. მალევე გაირკვა, რომ მას გაუპატიურებისთვის ადრე 50 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პირობითი სასჯელით იყო გათავისუფლებული.

ფილიპი განყოფილებაში დაიბარეს, მასთან ერთად მისი ცოლი და სამი გოგონა იყო. ერთ-ერთმა თავი ალისად წარადგინა, თუმცა სინამდვილეში ის წლების წინ გატაცებული ჯეისი დიუგარდი აღმოჩნდა. როდესაც „ალისას" ფილიპის შესახებ ჰკითხეს, მან თქვა, რომ ის დიდებული ადამიანია. გარიდო ამბობდა, რომ თანმხლები გოგონები მისი შვილები იყვნენ.

როდესაც „ალისას" საბუთები სთხოვეს, მან ნერვიულობა დაიწყო. მალევე კაცმა ჯეისის გატაცებისა და გაუპატიურება აღიარა. მამაკაცი მაშინვე დააკავეს, FBI-ს სპეციალურმა აგენტმა კი ჯეისის დედას დაურეკა, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ქალიშვილის პოვნის იმედი არ დაუკარგავს.

როგორც აღმოჩნდა, იმ დღიდან, რაც ჯეისი მანიაკის ტყვეობაში აღმოჩნდა, გოგონა გაუპატიურების მსხვერპლი იყო. მამაკაცი მასზე 18 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ზოგჯერ ხელბორკილებს ადებდა, საჭმელს არ აძლევდა. წლების შემდეგ, ის საცხოვრებლად კარავში გადაიყვანა. ეზოს უზარმაზარი გალავანი ჰქონდა და ბავშვი ვერსად გაიქცეოდა. მანიაკი გოგონას არწმუნებდა, რომ იმ ფაქტით, რომ მას აუპატიურებდა, სხვა გოგონებს მსგავსი ძალადობისგან იხსნიდა.

კარავი, სადაც გოგონა ცხოვრობდა:

1994 წელს, 14 წლის ჯეისიმ მანიაკისაგან პირველი ქალიშვილი გააჩინა, სამი წლის შემდეგ კი - მეორე. როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, გარიდომ ახალი მითი გამოიგონა - თითქოს, ჯეისი მისი უფროსი ქალიშვილი იყო. გოგონები მეუღლეს, ნენსის მისცა, რომელიც 1991 წელს ქმარს ბავშვის გატაცებაში დაეხმარა.

დროთა განმავლობაში გოგონას ბიოლოგიური მშობლების და ახლობლების საკონტაქტოები დაავიწყდა. მუდმივმა ძალადობამ მის ემოციურ მდგომარეობაზე წარუშლელი კვალი დატოვა. წლების შემდეგ, ფილიპმა ის საკუთარ სტამბაშიც კი დაასაქმა და გოგონას დისტანციურად, ყოვლდღიურად ჰქონდა კლიენტებთან კომუნიკაცია. პასუხობდა სატელეფონო ზარებსაც.

ფილიპი ამტკიცებდა, რომ ჯეისის ძალიან მალე „სტოკჰოლმის სინდრომი" განუვითარდა. ანუ, მოძალადე რეალურად შეუყვარდა და მისგან გაქცევა აღარ სცადა. თავად ჯეისი ამ ფაქტს ყოველთვის უარყოფდა.

2011 წლის 28 აპრილს ფილიპს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ცოლი, ნენსი, რომელიც მთავარი თანამზრახველი იყო, 36 წლით დააპატიმრეს.

იმის გამო, რომ ფილიპ გარიდო გოგონას გატაცების დროს პირობითი მსჯავრდებული იყო და პოლიციამ ამ ფაქტს სათანადო ყურადღება არ მიაქცია, ჯეისიმ იჩივლა და სახელმწიფოს მხრიდან 20 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო.

ასევე წაიკითხეთ:

„ოჯახი ყოველთვის მეორე პლანზეა, ამიტომ მეუღლეც თვითონ უვლის საკუთარ თავს და ბავშვებიც დამოუკიდებლად იზრდებიან“ - როგორები არიან ქალი ზოდიაქოს ნიშნები

„მამაოს დანახვისას ამიტყდა ტირილი, უბედნიერესი ვიყავი...“ - რა სასწაულის შესახებ წერს მრევლი, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ