მასწავლებელი, რომელმაც სკოლამდე მისასვლელად უნდა „გადაიაროს 9 მთა“, „9 ზღვა“, „მოკლას გველეშაპი“... მისი შვილები კი დედის ტანსაცმელს იხუტებენ და ისე იძინებენ

ელენე

„ღრმა ბავშვობაში მქონდა გადაწყვეტილი, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალი თაობები უნდა აღმეზარდა, სწორედ რომ ჩემი პროფესიისა და ბავშვების უდიდესმა სიყვარულმა ამომიყვანა ლეჩხუმამდე და დამატოვებინა ჩემი ორი პატარა ანგელოზი, თვალცრემლიანი და ატირებული. ვიცი, როცა
გაიზრდებიან, მაპატიებენ და გამიგებენ... თუმცა, მე ამ ბავშვებსაც ვჭირდები და მათ გვერდით ვიქნები ბოლომდე... მიყვარს თითოეული ჩემი აღსაზრდელი და ჩემი საქმე. სწორედ ეს სიყვარული მასულდგმულებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა და
დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მე ის დავიმსახურე“. - ამ კომენტარს გადავაწყდი სოციალურ ქსელში ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ ქოლგიანი ქალი გზას მიიკვლევს მუხლამდე თოვლში, თან ამბობს, გაკვეთილზე მაგვიანდებაო და თოვლში წაიქცევა.

ქალბატონი, რომელიც ასე რთულ გზას გადის სკოლამდე, ელენე (ელვირა ) ხურციძეა, ქუთაისიდან. ოჯახის ხელშეწყობით მოახერხა ისე, რომ თავისი ორი გოგონა აღსაზრდელად მამიკოს და ბებიას მიაბარა კვირაში 5 დღე,
თვითონ კი მაღალმთიანი სოფლების ორ სკოლაში ინგლისურს ასწავლის.

„ქუთაისელი ვარ,  სკოლის დასრულების შემდეგ ვსწავლობდი თბილისში, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში. ოჯახთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის და პირველი კურსის დახურვის შემდეგ გადმოვედი ქუთაისში. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, ინგლისური ენა და ლიტერატურა. ვარ 32 წლის, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ვმუშაობ წყალტუბოს რაიონის მაღალმთიან სოფელ დღნორისაში და საჩხეურში, რომელიც ლეჩხუმის მხარეს ეკუთვნის.

ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან 4-5 კილომეტრითაა დაშორებული. განაწილებული მაქვს საათები ისე, რომ ორივე
სკოლაში ერთ დღეს არ მიწევს მისვლა, რაც ჩემი დირექტორების დიდი ხელშეწყობის შედეგია. მადლობა მათ ამისთვის. ვინაიდან ყოველდღე ქუთაისიდან აქ სიარული შეუძლებელია, რადგან მანძილი საკმაოდ დიდია - დაახლოებით 45-50 კმ - და ამ მანძილის გავლა ყოველდღე რთულია, ქუთაისიდან მოვდივარ ორშაბათს დილით ტაქსით და ვბრუნდები პარასკევს. დანარჩენი 5 დღე კი აქვე, სოფელში ვცხოვრობ მდგმურად, არაჩვეულებრივ ოჯახში.

ერთ სკოლაში გვყავს 19 არაჩვეულებრივი მოსწავლე, მეორეში - სამი. ისეთი სიყვარულები არიან... თუმცა სამი მოსწავლე ძალიან ცოტაა“.

ელენეს ძალიან უმძიმს კვირის განმავლობაში მცირეწლოვან შვილებთან განშორება, მაგრამ ამბობს, რომ სხვა გზა არა აქვს, რადგან პროფესიის სიყვარულმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი...

„ასე გამოვიდა, რომ შვილები დავტოვე... ნუ, „დატოვება“ არ მინდა ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, უბრალოდ, კვირაში რამდენიმე დღით... თუმცა, მანქანა რომ მყავდეს, ყოველდღე ქუთაისიდან ვივლიდი ალბათ, რადგან ჩემს პატარებს ღამე დაძინება უჭირთ დედიკოს გარეშე და მეუღლე ამბობს, რომ ჩემს ტანსაცმელს იხუტებენ და ისე იძინებენ. ამის მოსმენა კი დედისთვის რთულია.

ეს გადაწყვეტილება კი მივიღე ჩემი პროფესიის სიყვარულით, ეს არ არის  მხოლოდ პროფესია, ჩემთვის ეს მთელი ცხოვრებაა... როგორც ღირსეული პედაგოგისთვის არსებობს ორი უმთავრესი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი პროფესიის არჩევისას - ესაა კონკრეტული საქმისადმი უპირობო სიყვარული... მასწავლებლის პროფესია მიმზიდველი იყო ჩემთვის ბავშვობიდან, ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალი თაობები უნდა აღმეზარდა. ვფიქრობ, თუ ბავშვი არ გიყვარს, სკოლაში ვერ იმუშავებ. არ ვიცი, იქნებ ბევრმა არასწორად გამიგოს, თუ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესია გაგიჟებით მიყვარს, მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მიყვარს
თითოეული ჩემი აღსაზრდელი. მე ამ საქმეში სულსა და გულს ვდებ და თითქოს ამით მარადიულად განვაგრძობ მათში არსებობას....
სიყვარულის გარეშე არც ერთი საქმე არ გამოვა. მიმაჩნია, რომ ნამდვილი მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული, ობიექტური, ყურადღებიანი ყველა ბავშვისადმი. ხმამაღლა ვიტყვი, რომ მე არ ვარ მხოლოდ ორი გოგონას დედიკო, ვთვლი, რომ ზუსტად იმდენივე შვილი მყავს, რამდენი მოსწავლეც აღმიზრდია.

თუმცა გეტყვით იმასაც, რომ ბევრი ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ჩემმა ასეთმა გადაწყვეტილებამ -„როგორ დავტოვე ბავშვები?!“ - მეკითხებიან... დიახ,მე დავტოვე საკუთარი მცირეწლოვანი შვილები თვალცრემლიანი, იმისთვის, რომ ვასწავლო მათ, ვისაც ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ვჭირდები. საყვარელი საქმის კეთებით, დაუღალავი შრომითა და მიზანსწრაფულობით კი ყველა ჩემს ოცნებას რეალობად ვაქცევ, მჯერა...

 

ბავშვების მხრიდან უდიდეს სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობ. ყველაზე მეტად მათი დაწერილი წერილები, ნაჩუქარი ყვავილები მაბედნიერებს, მათი პაწაწინა ხელებით შექმნილი. განცდა, რომ შენ ეს საჩუქარი დაიმსახურე, მათი ჩახუტება, როცა გამორბიან, ელენე მასწავლებელი მოდის, გაკვეთილზე ჩურჩული: „მიყვარს ელენე მასწავლებელი, ლუკა, შენ?“ „აუ, მეც“ - ეს სიტყვები ყველაფრის მთქმელია.

„როგორც მივხვდი, სკოლამდე მისასვლელად უნდა „გადაიაროთ 9 მთა“, „9 ზღვა“, „მოკლათ გველეშაპი“... არ გიჭირთ?“

რა თქმა უნდა, მიჭირს, ადვილი არაა, თუმცა ისევ გავიმეორებ, რომ როდესაც ამას სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი უფრო მარტივია. როცა ჯგუფში შევდივარ და ჩემი აღსაზრდელების გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ, იქ
ყველაფერი მავიწყდება. ერთხელ ასეთი კურიოზიც შემემთხვა: თანამშრომელს მოვყავდი ქუთაისიდან. როდესაც დღნორისაში ამოვედით, აქ საკმაოდ დიდი თოვლი იყო. შიშისგან, ატირებული მანქანიდანაც კი გადმოვხტი, ფეხით წამოვალ-მეთქი...

ადვილი არ არის, როცა  კვირაში 5 დღე სახლში არ ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახი მხარში მიდგას და ეს კიდევ უფრო
მაძლიერებს. უფლის წყალობაა, გყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, როგორიც მე მყავს. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გამიმართლა. რომ არა ჩემი მეუღლე, მე დღეს ჩემს პროფესიაში შემდგარი ვერ ვიქნებოდი. არ მომბეზრდება მისთვის მადლობის გადახდა. მადლობა ლაშა შავლაყაძეს გაგებისთვის, თანადგომისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრობისთვის. მადლობას ვუხდი, რომ ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მხარში მედგა მაშინაც კი, როცა ჩემს პროფესიაზე ხელი ჩავიქნიე (რადგან ქუთაისის სკოლაში ადგილი ვერ ვიპოვე). მადლობა ამ უპირობო სიყვარულისთვის...

ასევე ნახეთ:

ვასო ფხაკაძის მეუღლის, ლიკუნა მეტრეველის ულამაზესი ფოტოსესია - ნახეთ, კადრები

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მთელ ცხოვრებას მარტოობაში გაატარებს