„დღემდე არავისთან მილაპარაკია, თქვენ პირველი ხართ“ - 9 ამბავი 9 აპრილზე

9 აპრილი

ისტორიები, რომლებსაც 9 აპრილის დაღუპულების ოჯახების წევრებისგან 33 წელია ვისმენთ, ამოუწურავია და თითქმის არასდროს მეორდება. ბუნებრივია, არც წლევანდელი 9 აპრილია გამონაკლისი. „პრაიმტაიმმა“ 9 აპრილს დაღუპულების 9 ოჯახის ისტორია მოამზადა.

პრაღაში მიდიოდნენ მეგობრები და ბილეთები დააბრუნა

მერი სადრაძე, თამარ დოლიძის ბიცოლა: „თამუნა განსაკუთრებული ბავშვი იყო, უშიშარი. ის ჩემს ორ შვილთან ერთად გავზარდე.

თამუნა პატრიოტი იყო. ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული. პრაღაში მიდიოდნენ მეგობრები, ზვიადმა როცა გამოაცხადა ყველა უნდა მოვიდეს მიტინგზეო. ბილეთები უკან ჩააბარა.

დავურეკე ჩემს მულს, თამუნა არ გაუშვა მიტინგზე, ტანკები შემოდიან და რამე არ მოხდეს-მეთქი. მეზობელი შეხვდა, სოდიანი წყლითა და მარილით გარბოდა მიტინგზე, გაზებს გაუშვებენო, ზვიადმა თქვაო და თვალების დასამუშავებლად. მეზობლის ქალს უთქვამს, სად მიდიხარ თამუნა უკვე ძალიან საშიში მდგომარეობაა, ტანკები შემოვიდნენო. გაკვირვებული თვალებით მიყურებდა და მიპასუხა, რას ამბობ ვერა დეიდა, თუ ჩემი სისხლი დაიღვრება ჩემი სამშობლოსა და დამოუკიდებლობისთვის, ამაზე დიდი ბედნიერება რა არისო. ჩემი თამუნა ემსხვერპლა სამშობლოს თავისუფლებას.

თამუნა დილას 9 საათზე მორგში ვიპოვეთ. პალტოთი ვიცანი, ყველანი დასიებულები იყვნენ, არ ვიცი რა შეასხეს. თამუნას დედა 5 წელიწადში გარდაიცვალა, შვილის გარდაცვალებიდან.

მე და დედა ხელჩაკიდებულები ვიდექით, როცა დარბევა დაიწყო

თეონა ბაღათურია, ექიმ მზია ჯინჭარაძის შვილი: „იმ დღეს დედასთან და ჩემს დასთან ერთად წავედით რუსთაველის გამზირზე. გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა, იყო ამაღლებული განწყობა. არ ველოდით რომ ასეთი საბედისწერო დღე იქნებოდა ჩვენთვის.

ჩემი და პატარა იყო, 15 წლის. ღამე დედამ ის სახლში წაიყვანა და თვითონ დაბრუნდა. მე და დედა ხელჩაკიდებულები ვიდექით. როცა დარბევა დაიწყო დავკარგეთ ერთმანეთი. მე სრულიად უცნობი ადამაიანები დამეხმარნენ. ეკლესიის ეზოში ჩამახტუნეს. დედას ვეძებდი ყველგან, მთელი ღამე და ბოლოს რესპუბლიკური საავადმყოფოს მორგში ვიპოვე. მქონდა წინათგრძნობა, რომ აღარ იყო. დიაგნოზი მძიმე მოწამვლა იყო, ასევე ხელკეტი ჰქონდა ჩარტყმული.

ნათია ბაღათურია, ექიმ მზია ჯინჭარაძის შვილი: მახსოვს, რომ დედამ როცა დამტოვა სახლთან ხელს რაღაცნაირად ვუქნევდი, რა წინათგრძნობა იყო არ ვიცი…

43 წლის იყო, ფსიქიატრი გახლდათ. მემორიალთან არასოდეს გავსულვართ, სულ საფლავზე მივდივართ ხოლმე.“

ორმოცი გასული იყო, გონს რომ მოვედი და არ მეუბნებოდნენ, ეკა რომ აღარ იყო

ლალი ბეჟანიშვილი, ეკა ბეჟანიშვილის დედა: „არაფერი არ შეცვლილა თითქოს. დედისთვის არასოდეს არაფერი შეიცვლება. ერთადერთი ველოდები ამ დღეს და მის დაბადების დღეს. ახლა ეკა 46 წლის გახდებოდა.

ეკა მასწავლებელთან მამამისმა წაიყვანა. მასთან ერთად პარალელური კლასელი იყო. არასოდეს არ მიფიქრია, რომ ასეთი სასწაული მოხდებოდა. 8 საათზე სახლში არ მოსულა, მე და ჩემი მეუღლე მის მოსაძებნად წავედით. სამჯერ მოვედით სახლში, გვეგონა თვითონ მოვიდოდა. ბუნდოვნად მახსოვს, პატრიარქის გამოსვლას ვუსმენდით. მოვიწამლე და აღარაფერი მახსოვს… ორმოცი გასული იყო გონს რომ მოვედი და არ მეუბნებოდნენ ეკა რომ აღარ იყო. კედლის ნგრევა დავიწყე, ეკა ფეხშიშველი მოვიდოდა ჩემს სანახავად, დამამშვიდებელი გამიკეთეს. დედა მოვიდა. მივხვდი რომ ეკა აღარ იყო… ბევრჯერ მიფიქრია, თუ ამდენი ბრძოლა ეწერა ჩვენს ქვეყანას ბოლო ის დღე ყოფილიყო…

აზრზე რომ მოვედი აღარავინ აღარ იყო – ზოგი მკვდარი იყო, ზოგიც – მოწამლული

ნუკრი ალბუთაშვილი, ზაირა კიკვიძის შვილი: „რუსის ტანკები რომ ჩამოატარეს აღშფოთებული იყო, „არ უნდა შევარჩინოთო“ – ამბობდა. ცალცალკე ვიყავით. არეულობის დროს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. აზრზე რომ მოვედი აღარავინ აღარ იყო, ზოგი მკვდარი იყო, ზოგიც მოწამლული. არამიანცის პროზექტურაში ვიპოვე. დასკვნაში ეწერა, რომ ქლორითა და ციანიდით იყო მოწამლული. სრულად