„დედა, მიშველე...“ - 6 წლის ბიჭის ტრაგიკული ისტორია, რომლის სამაშველო ოპერაცია პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა (იტალია)

სამაშველო ოპერაცია

1981 წელს იტალიაში, ქალაქ ვერმიჩინოში 6 წლის ალფრედო რამპლის სამაშველო ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ბიჭუნა არტეზიული ჭისგან გაჩენილ 80-მეტრიან ნაპრალში ჩავარდა. მის ისტორიაში ბევრი რამ ბოლომდე გაუგებარი დარჩა. მაგალითად, მასწავლებელი, რომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეც ჭა მდებარეობდა, ირწმუნებოდა, რომ ის თავღია არ ყოფილა და კარგად იყო დაცული. მოწმეები საპირისპიროს ამტკიცებენ.

11 ივნისს ქალაქის სამაშველო სამსახურის უფროსმა უკვე იცოდა მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. ის თავად მივიდა ჭასთან და საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ ეძახდა ალფრედო დასუსტებული ხმით დედას. სამაგიეროდ, ჭაში ჩანათება მხოლოდ ტელერეპორტიორების მძლავრი პროჟექტორებით მოხერხდა, რადგან სამაშველოს ასეთი ხელსაწყო არ აღმოჩნდა. ცხადი იყო, რომ ადგილობრივ ძალებს არც კომპეტენცია და არც სათანადო აღჭურვილობა არ ჰყოფნიდათ, რომ ამ მძიმე ინციდენტს გამკლავებოდნენ. დამატებითმა ძალებმა, რომლებიც ქვეყნის სხვა რეგიონებიდან გამოიძახეს, უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. ჭაში ჩაუშვეს ხის დაფა, რომ ალფრედო მასზე აცოცებულიყო და ზემოთ ამოეყვანათ. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ დაშავებული და დასუსტებული ბავშვი, რომელიც გაჭედილი იყო ნაპრალში, ამას ვერ მოახერხებდა. ცოტა ხანში უარესი რამ მოხდა - დაფა 24 მეტრის სიღრმეზე მოწყდა და თითქმის მთლიანად გაჭედა ჭის ისედაც ვიწრო ღიობი.

ტელევიზიების წარმომადგენლებმა ჭაში მიკროფონი ჩაუშვეს. ამჯერად უკვე გარკვევით ისმოდა უმწეო ბავშვის ტირილი, საშველად კი დედას ეძახდა. ”დედა, ამომიყვანე აქედან, ხელი და ფეხი მტკივა, დავიღალე” - ისმოდა მიკროფონში. დედა, ფრანკა რამპლი მწუხარებისგან გოდებდა, გული უკვდებოდა შვილის ხმის გაგონებაზე, თუმცა ვერაფერს შველოდა. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ ქალი ერთ დღეში დაბერდა.
უბედური შემთხვევიდან უკვე რამდენიმე საათი იყო გასული, როცა ჭაში ახალგაზრდა სპალეოლოგი ჩაძვრა, თუმცა მხოლოდ გაჭედილ დაფამდე მიაღწია, უკან ამოსულმა კი მაშველებს ურჩია, გამოცდილი სპალეოლოგებისთვის მიემართათ. რატომღაც ახალგაზრდის რჩევა არ გაითვალისწინეს.
სამაშველო სამსახურმა ახალი იდეა წამოაყენა - გვერდით ახალი შახტა გაებურღათ და ისე გამოეყვანათ ბიჭი. ამ საქმის შემსრულებელი ბრიგადის ხელმძღვანელმა ტულიო ბერნაბეიმ გამოთქვა ზრი, რომ ბურღვის ვიბრაცია უარეს საქმეს იზამდა - შეიძლებოდა ბიჭი უფრო ქვემოთ ჩავარდნილიყო. არც მას მოუსმინეს.
ადგილზე იტალიის მაშინდელი პრეზიდენტი, სანდრო პერტინი მივიდა და მიკროფონების წინ დაიმედებულმა განაცხადა, რომ ბიჭუნას გადარჩენის ოპერაცია სულ მალე წარმატებით დასრულდებოდა, რადგან ოპერაციაში 100-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა. საუბედუროდ, არც მას მოსვლია აზრად, რომ საქმეში საერთაშორისო დონის მაშველები და ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალები ჩაერთოთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი შახტის ბურღვის ხმამ ბიჭი კიდევ უფრო შეაშინა და პანიკაში ჩააგდო. საბოლოოდ კი მბურღავის საშინელი ვარაუდი გამართლდა, ვიბრაციამ მიწის ჩაშლა გამოიწვია და ბიჭუნა კიდევ 29 მეტრით დაბლა ჩავარდა. მიკროფონში უკვე მისი აზრს მოკლებული სიტყვები და ბოდვა ისმოდა.

ტულიო ბერნაბეიმ თავად გადაწყვიტა ჭაში ჩაშვებულიყო, თუმცა 40 მეტრ სიღრმეზე სუნთქვა ვეღარ შეძლო, ფიზიკურადაც ვეღარ ეტაოდა ნაპრალში. ბიჭუნას დასუსტებული ხმა კი მაინც ესმოდა. საბოლოოდ ალფრედომდე, ანუ 55 მეტრ სიღრმემდე ერთ-ერთმა მუშამ, ანჯელო ლიკერიმ ჩააღწია. ბავშვს შეეხო, სახეც გაუთავისუფლა ჭუჭყისგან, თუმცა ამოყვანა ვერ შეძლო. ბიჭუნა გაჭედილი იყო ნაპრალში და ანჯელოს ის ხელიდან უსხლტებოდა.ამ შემთხვევის შემდეგ ანჯელოს ჯანმრთელობა სამუდამოდ შეირყა. ის თავით ქვემოთ 2 საათის განმავლობაში ეკიდა, რაც ადამიანის შესაძლებლობებთან შეუთავსებელია.”წლების განმავლობაში მესიზმრებოდა კოშმარებში ალფერდო. კარგად მახსოვს, როგორ ახლოს ვიყავი ბიჭთან, მაგრამ ვერაფრით ამოვაძვრინე, სახეზე შევეხე, პირი მიწისგან გავუსუფთავე, თითებზეც შევეხე, მაგრამ ვერ შევძელი” - იხსენებდა ის.

მას შემდეგ კიდევ ერთი მოხალისე ჩაძვრა ჭაში, თუმცა მან განაცხადა, რომ ბიჭუნა უკვე აღარ სუნთქავდა.”არ სუნთქავს, თავი უკან აქვს გადაგდებული” - თქვა მან.

ბევრს სასწაულის იმედი ჰქონდა და არ სჯეროდა ალფრედოს სიკვდილი. სამაშველო ოპერაცია და მისი პირდაპირი ტრანსლირება დასრულდა. მას შემდეგ დიდხანს განიხილავდნენ ამ ამბავს, მსჯელობდნენ შეცდომებზე, გაშვებულ შანსებზე, თუმცა ყველა აღიარებდა, რომ იტალია უძლური აღმოჩნდა პატარა ბიჭუნას ტრაგედიის წინაშე. ალფრედოს სახელი იტალიაში არაერთ ქუჩას დაერქვა. დედამისმა ”ბავშვების სამოქალაქო თავდაცვის ცენტრი” ჩამოაყალიბა, რომელიც ალფრედოს სახელობისაა და დღემდე მუშაობს.

ასევე ნახეთ:

ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მშობლებს საკოლექციო ჭადრაკიდან მეფის ფიგურა გადასცა

ცნობილია სპორტსმენის ვინაობა, რომელიც დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყვა და დაიღუპა

„ეს სამჯერ გაიმეორეთ“ - რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სოციალურ ქსელებში ფოტოს დადების არ შეგვეშინდეს