„არა დედა, ამას არასოდეს ამოვიღებ, ეს საქართველოს ეკალი არისო“ - პატარა ემიგრანტის ემოციური ისტორია

სამშობლო

ჟურნალი "კარიბჭე" აქვეყნებს ემიგრანტის წერილს, რომელიც ერთი გოგოს დიდ სიყვარულზეა, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით. ძალიან დიდი თავმდაბლობით მინდა ერთი პატარა ამბავი მოგითხროთ, რომელიც ჩემს პატარა გოგოს ნინოს გადახადა. ჩვენ ოჯახით 2004 წელს საბერძნეთში წამოვედით დროებით საცხოვრებლად , ნინო მაშინ 4 წლის იყო და ძალიან განიცდიდა საქართველოდან წამოსვლას, განსაკუთრებით ბებიასთან და ბაბუასთან განშორებას. 2 წლის მერე დავბრუნდით საქართველოში და ბავშვებმა 2 ძალიან ბედნიერი კვირა გაატარეს სოფელში. როცა ისევ დავბრუნდით საბერძნეთში, ერთ დღეს (დაახლოებით ერთი კვირის დაბრუნებულები ვიყავით), ნინო მოვიდა და მეუბნება: დედა ხელი მტკივა და ვეღარ ვუძლებ, გაწითლებული მაქვსო, დავხედე და ეკალი ჰქონდა ხელის გულზე და დაჩირქებოდა. მე ვუთხარი: უნდა ამოგიღო, დედა, ეკალი, დაჩირქებული გაქვს-მეთქი. იმ წამსვე ხელი გამომგლიჯა, ჩაიხუტა და მითხრა: არა დედა, ამას არასოდეს ამოვიღებ, ეს საქართველოს ეკალი არისო. რამდენიმე დღე კიდევ გაუძლო ტკივილებს და ეკალი არაფრით არ ამომაღებინა ხელიდან.

ახლა ნინო 15 წლისაა, ჩვენ ისევ საბერძნეთში ვცხოვრობთ, ნინო ძალიან წარმატებული მოსწავლეა, ახლაც საქართველოს და თავისი სოფლის სიყვარულით ცხოვრობს. აუცილებლად დავბრუნდებით, როცა სკოლას დაამთავრებს. დღესაც, როცა ამ ამბავს ვახსენებ, ისევ ტირის.

დიდი მადლობა, არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე რომ ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა. ასე ძალიან უყვარს ყველას ჩვენი სამშობლო",-წერს თეა ლომაშვილი.