გივი მიქანაძე თელავში კოლეჯ ,,პრესტიჟის“ ინფრასტრუქტურას და ახალი სახელოსნოების მშენებლობის პროცესს გაეცნო

მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თელავში პროფესიულ კოლეჯ ,,პრესტიჟს“ ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ასევე გაეცნო კოლეჯის ტერიტორიაზე მიმდინარე ახალი სახელოსნოების მშენებლობას, რომელიც სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 614 755 ლარით დაფინანსდა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კოლეჯი ,,პრესტიჟი“ არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს.

,,კოლეჯ ,,პრესტიჟის“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი კორპუსის მშენებლობა, სადაც 2026 წლიდან დაიწყება სამშენებლო პროფესиями დაინტერესებულ პირთა გადამზადება, ასევე, ახალი პროგრამების ამოქმედება.

ვიმსჯელეთ პროგრამების არეალის გაფართოებაზე და ახალი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის, იყალთოში არსებული კოლეჯის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს კონცეფცია დამუშავდება და უახლოეს მომავალში მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რაც დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

კოლეჯი ,,პრესტიჟი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ახორციელებს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე პროფესიულ მომზადება/გადამზადების პროგრამებს.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სასწავლო ინვენტარით და მანქანა-დანადგარებით. სასწავლებლის შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსასვენებელი სივრცე.