1750362602
მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციის ADP ჯგუფის გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

პარიზის საერთაშორისო საავიაციო გამოფენის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციის, პარიზის შარლ დე გოლის, ორლის და ლე ბურჟეს აეროპორტების მფლობელი და მმართველი ADP ჯგუფის გენერალურ დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ფილიპ პასკალს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების და მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები.
ADP საფრანგეთის სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც ასევე მართავს 26 საერთაშორისო აეროპორტს მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საავიაციო ჰოლდინგს. TAV Airports-ი, რომელიც დღეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვას ახორციელებს, ADP-ის გაერთიანებაში შედის.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ლევან მოსეშვილი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი, TAV Airports – ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ADP Group-თან თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ TAV Airports-ის მიერ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა, რამაც თავისი დადებითი წვლილი შეიტანა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება – 2024 წელს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა. მისი თქმით, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა და იანვარი – აპრილის პერიოდში, სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობით, 60-ზე მეტი სამგზავრო ავიაკომპანია დაახლოებით 100 საჰაერო ხაზზე ოპერირებს და ეს ტენდენცია მზარდია.
„ავიაციის დარგში რეკორდული მაჩვენებლების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა ქვეყნის თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობისა და საავიაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – ქუთაისში განახლდება 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, ხოლო თბილისში დაგეგმილია სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა. ვაზიანის აეროპორტი წელიწადში 19 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს, რომელიც რეგიონული ავიაჰაბის ფუნქციას შეასრულებს” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ვაზიანში ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე თბილისის არსებული აეროპორტი, გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში, მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახუროს. „შესაბამისად, ჩვენი გუნდი მუშაობს არსებული აეროპორტის რამდენიმეწლიანი განვითარების საუკეთესო გზების იდენტიფიცირებაზე,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ADP ჯგუფსა და საქართველოს თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ ჩვენი კომპანიის, TAV Airports-ის მეშვეობით, რასაც მნიშვნელოვანი და მასშტაბური შედეგებიც მოჰყვა. ეს მიღწევები ნათლად აისახა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების წარმატებულ განვითარებაზე. შესაბამისად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჩვენ განვიხილეთ საქართველოში აეროპორტების განვითარების სამომავლო პერსპექტივები, სამომავლო გეგმები და ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში გვაკავშირებდა. ვიმედოვნებთ, რომ ამ თანამშრომლობას მომავალშიც განვავითარებთ,“ – განაცხადა ADP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფილიპ პასკალმა.
„მოხარულნი ვართ და გვეამაყება, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მზად ვართ, ვაზიანის ახალი აეროპორტის სრულად ამოქმედებამდე, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები თბილისის მოქმედ აეროპორტში. ამის მიზანი ამჟამინდელი გამტარუნარიანობის გაორმაგებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ აეროპორტმა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურითა და განახლებული სერვისით, საიმედო და მდგრადი ფუნქციონირება შეძლოს, რათა ეფექტურად მოემსახუროს მომატებულ მგზავრთნაკადს“, – აღნიშნა TAV Airports – ის პრეზიდენტმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გამართული ფუნქციონირებისათვის.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.