ახალი სკანდალი: „მინდა, ეს ამბავი პატრიარქის ყურამდე მივიდეს“ - მღვდელს ყოფილი ცოლი ამხელს

19:23 02-12-2020
68805

თეონა ივანიძე ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს, სადაც ქმართან განქორწინების შემდეგ გაემგზავრა.

ის ფოფოდია გახლდათ და შესაბამისად, მისი ქმარი - ეკლესიის მსახური.

„პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თეონა წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მასზე ძალადობდა, ახლა კი შვილებთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევს.

თეონა ივანიძე:

„ხატმწერი ვარ. სასულიერო აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ვსწავლობდი, როდესაც მომავალი მეუღლე - პლატონ გელაშვილი გავიცანი. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ზაფხულობით სოფელში ჩავდიოდი ხოლმე, სურამში. მე და ჩემს მომავალ მეუღლეს გვყავდა საერთო მოძღვარი და სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ჩვენი დაქორწინება. მაშინ ის საერო პირი  იყო.

ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მღვდლობა გადაწყვიტა. მე ვეწინააღმდეგებოდი - ნუ დაადგები მაგ გზას, საშენო არ არის, მოციქულების სახელებიც კი არ იცი-მეთქი. არანაირი სასულიერო განათლება არ მიუღია, მრევლმა კითხვა რომ დაუსვას, პასუხი როგორ უნდა გასცეს? მარტო „ალილუიას“ ძახილი ხომ არაა საეკლესიო ცხოვრება? წლები გავიდეს, მიიღე შესაბამისი განათლება, ჩაწვდი ბოლომდე რწმენის არსს და შემდეგ თუ იმავე აზრზე დარჩები, ჩაიცვი კაბა-მეთქი.  

მაშინ პატრიარქთან მისვლასაც ვაპირებდი, რომ მის  მღვდლად შედგომას შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერ მივედი.

- რატომ იყავით ასე წინააღმდეგი?

- იმიტომ, რომ ეკლესიას გაუნათლებელი მღვდელი სიკეთეს ვერ მოუტანს. მისმა მოძღვარმა, რომლის ინიაციატივაც იყო პლატონის ეკლესიაში წასვლა, მითხრა - შენ თუ წინააღმდეგი იქნები, მაშინ ქმარს გაგყრიო. იმ პერიოდში უფროსი შვილი თვეების მყავდა და ფაქტობრივად, შანტაჟი მომიწყვეს. თბილისიდან საცხოვრებლად სოფელში გადავედით და სურამის ეპარქიაში დაიწყო მსახურება. მაშინვე კაბა ჩააცვეს, 1-2 ლოცვა ისწავლა და ასე დაიწყო მღვდლობა.

- მანამდე უმუშევარი იყო?

- არა, სამსახური ჰქონდა და მოძღვარმა მიატოვებინა.

- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენი მეუღლე მღვდელი გახდა

- ყველაფერი შეიცვალა. ასე მეგონა, რომ მოსიარულე მკვდარი ვიყავი. მანამდე უკეთესი ურთიერთობა გვქონდა. რაც მღვდელი გახდა, თითქოს ძალაუფლება იგრძნო და დაიწყო ჩემზე ფიზიკურად ძალადობა.

- მაინც, რის გამო გქონდათ ხოლმე უკმაყოფილება

- მაგალითად, სასულიერო აკადემიის ბოლო კურსზე რომ გადავედი, ხშირად კონფლიქტი იმის გამო გვქონდა, რომ მას სურდა, სწავლისთვის თავი დამენებებინა და არ ვემორჩილებოდი. თვითონ უმაღლესი სასულიერო განათლება არ ჰქონდა და კომპლექსი გაუჩნდა. თუმცა, ჩემი გავიტანე, გამოცდები კარგად ჩავაბარე და დიპლომი ავიღე. როდესაც თბილისში გამზრდელი ბებიას სანახავად მომინდებოდა წასვლა, მაშინაც ბრძოლა მიწევდა. ერთხელ სიცხიანი ბავშვი დავაძინე და ოჯახის წევრები ხმამაღლა რომ ლაპარაკობდნენ, მოკრძალებით ვთხოვე, ბავშვი არ გააღვიძოთ-მეთქი და იქვე, ოჯახის წევრების თანდასწრებით მეცა და მცემა. არც არავინ გამომესარჩლა. სისხლი მადინა. ამას უმცროსი შვილი შეესწრო და ძალიან შეშინდა. თვეების განმავლობაში მეკითხებოდა, - მაჩვენე, სისხლი კიდევ მოგდის თუ არაო. ყოფილა შემთხვევა, ბავშვები სკოლაში და ბაღში რომ მიგვყავდა დილით, შუა გზაში გააჩერებდა და მეტყოდა, ჩადი მანქანიდან და ფეხით გააგრძელე გზაო. ბავშვებისთვის ეს როგორი მოსასმენია? მამა რომ დედას მანქანიდან ჩამოაგდებს მათი თანდასწრებით.

- არ უამბეთ თქვენი დაძაბული ურთიერთობის შესახებ მეუფეს, ან მის მოძღვარს?

- იმისათვის, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთან მივედი და მოვუყევი, როგორ ძალადობდა ჩემზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ჩემი მეუღლე, მაგრამ მოძღვარი იმას კი არ ეუბნებოდა, რომ არასწორად იქცეოდა და წესიერებისკენ კი არ მოუწოდებდა, პირიქით, - კაცი შენ ხარ და ჭკუა უნდა ასწავლო ცოლს, თუ საცემია, უნდა სცემოო. მე კი უხეშად მომიშორა. მეუფე კი მეუბნებოდა, - უნდა დაითმინოო და მას ჩემი თანდასწრებით ჭკუასაც არიგებდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. მეუფისთვის რომ დაეჯერებინა, ჩვენი ოჯახი არ დაინგრეოდა. იმისათვის, რომ შემოსავალი მქონოდა, დავიწყე შეკვეთების მიღება ხატების დაწერაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ საქმეს ხელს თუ სერიოზულად მოვკიდებდი, ჩემი ქმრის მოძღვარი წილში უნდა გამეყვანა, რადგან ის განაგებდა იქ ყველაფერს. ერთხელ შეკვეთა მივიღე - საუფლო დღესასწაულების 12 ხატი უნდა დამეწერა. იმ პერიოდისთვის საკმაოდ ძვირადღირებული საქმე გახლდათ, მაგრამ ჩემმა მეუღლემ და მისმა მოძღვარმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ეს შეკვეთა გაეუქმებინათ. დამკვეთს დაურეკეს და ისეთი რაღაცები უთხრეს, რომ იმან უარი თქვა. არადა ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნებოდა. 

რადგან ვერაფერს გავხდი და უკვე ჩემს სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა, დავიწყე განქორწინებაზე ფიქრი. მასთან რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა, დღეს იმ ქალებივით ცოცხალი არ ვყოფილიყავი, რომლებიც ტირანი ქმრების მსხვერპლნი გახდნენ. წამოვიწყე განქორწინების პროცესი, რამაც ძალიან გააღიზიანა ჩემი ყოფილი მეუღლე. სასამართლომ ბუნებრივია, ალიმენტი დააკისრა - ორივე შვილზე 500 ლარი.

არ დამიმალავს, რომ განქორწინების შემდეგ საზღვარგარეთ ვაპირებდი წასვლას და ბავშვების წაყვანაც მინდოდა. გარიგება შემომთავაზა: მოგცემ ბავშვების წაყვანის უფლებას, ალიმენტის მოხსნის სანაცვლოდო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი: ოღონდ ბავშვები გამოეტანებინა და ჩემთან ყოფილიყვნენ და მის ალიმენტს არ დავეძებდი. თუმცა, როცა ყველა საბუთი ოფიციალურად გაფორმდა - განვქორწინდით და ალიმენტზეც უარი ვთქვი, გადათქვა და ბავშვების წამოყვანაზე უარი მივიღე. ძალიან განვიცადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი.

უცხოეთში მაინც წამოვედი. ვიფიქრე, რომ რამდენიმე თვეში ბელგიაში ცხოვრებისთვის საჭირო საბუთებს მივიღებდი, დავბრუნდებოდი და ბავშვებს წამოვიყვანდი, მაგრამ საბუთებზე უარი მივიღე და ძალიან გახანგრძლივდა ჩემი აქ ყოფნის დრო და ლეგალურად ცხოვრების მოლოდინი. 2 წლის წინ ბელგიაში, აქაურ მოქალაქეზე გავთხოვდი, შვილიც გვყავს, უკვე 1 წლის და საბუთებსაც ყოველდღე ველოდებით. ამჟამად ჩემი შვილები მამასთან არიან. როგორც კი ბელგიაში ცხოვრების უფლებას მივიღებ, მაშინვე დავბრუნდები საქართველოში და შვილებს მოვინახულებ. ახლა ხელფეხი მაქვს შეკრული, რადგან სავიზო რეჟიმი დარღვეული მაქვს და უკან ვეღარ დავბრუნდები. თუმცა, ბავშვების აქეთ წამოყვანას ვინ ჩივის? იმის საშუალებასაც არ მაძლევს, რომ შვილებს ტელეფონზე დავურეკო, „სკაიპით“ მაინც ველაპარაკო, დავინახო და მოვესიყვარულო. ბავშვებს უამრავ საჩუქარს ვუგზავნი და ადრესატამდე არ მიდის. თვე ისე არ გავა, რომ ბავშვებს რამე არ გავუგზავნო და ათას ხერხს მივმართავ, მათთან მოხვდეს. პლატონს ეუბნებიან, რომ დედაჩემმა უყიდა ან ჩემმა დამ და ისე მიაქვთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც არ აძლევს საშუალებას, რომ ეს ნივთები, სათამაშოები თუ ტანისამოსი გამოიყენონ.

ბავშვს ტელეფონი გავუგზავნე და იმასაც კი თავის ნებაზე არ აძლევს. გამუდმებით აკონტროლებს და ჩემთან ურთიერთობას უშლის. ბოლოს გაგზავნილი ტანისამოსი საერთოდ სხვებისთვის უჩუქებია. რა უნდა, არ მესმის, თავის შვილებს რატომ აკლებს და სხვებს რატომ აძლევს? ქველმოქმედება და სიკეთის გაკეთება თუ უნდა, გასაგებია, მაგრამ არა თავისი შვილების ხარჯზე. რამდენად სამართლიანია ან სახელმწიფო კანონით და ან ღმერთის კანონით, რომ შვილები დედას დააშოროს?

- ბავშვებზეც ხომ არ ძალადობს?

- ვერ ვიტყვი, რომ ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობს, მაგრამ მათზე ფსქილოგიურ ზეწოლას ნამდვილად ახდენს. პატარები ზეწოლის ქვეშ არიან და იშვიათ შემთხვევაში, როცა მათთან ურთიერთობის საშუალებას მაძლევს, ვხვდები, რომ  ბავშვები ძალიან დათრგუნულები არიან და შიშით, დაძაბულები მელაპარაკებიან. ისიც კი მითხრეს ერთხელ, არაფერი გამოგვიგზავნო, არ გვინდაო, წარმოგიდგენიათ? სკაიპით ან მესინჯერით ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევს. რაც წამოსული ვარ, ბავშვები ფიზიკურად არ მინახავს, მხოლოდ ხმას ვისმენ. თუ ჩემი ოჯახის წევრი მოინდომებს ბავშვების ნახვას, უარს არ ეუბნება და ბავშვებთან სურათების გადაღების უფლებას არ აძლევს, რომ მე არ გამომიგზავნონ.

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მღვდლის ცოლია ჩემს დღეში, მაგრამ არ ჰყოფნით გამბედაობა და ხმას ვერ იღებენ, მე კი საამისოდ გამბედაობა მეყო და თავი დავაღწიე ტირან ქმარს. თუმცა, ალბათ შიშმაც იქონია გავლენა, რადგან შესაძლოა, ფატალური შედეგი მოჰყოლოდა ჩემს იქ დარჩენას.

მინდა, ყველამ გაიგოს, როგორი მოძალადე მოძღვარი ჰყავთ. განსაკუთრებით მინდა, პატრიარქის ყურამდე მივიდეს ეს ამბავი.

დამიბრუნოს შვილები! მათ გარეშე ჩემს ცხოვრებას ყველანაირი აზრი ეკარგება!

 მამა პლატონი:

მოგესალმებით, თქვენი მეუღლე ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობის უფლებას არ აძლევთ...  

- როგორ გეკადრებათ, თავად საქართველოში არ ცხოვრობს და ბავშვებს როცა ურეკავს, ჩვეულებრივ, დაბრკოლების გარეშე ელაპარაკება. მიატოვა შვილები და უცხოეთში წავიდა და კიდევ ჩემთან აქვს პრეტენზია? ამ თემაზე ვერ დაგელაპარაკებით, არ მაქვს სურვილი და არც უფლება მაქვს და ჩემს ადვოკატს დაელაპარაკეთ. ღვთის მსახური ვარ და  არ მაქვს ლაპარაკის უფლება.

- კარგი, ის მაინც მითხარით, მართლაც ძალადობდით მასზე?

საიდან მოიტანეთ, ტყუილია, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, იგონებს. დაურეკეთ ჩემს ადვოკატს და დაელაპარაკეთ, ის გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს.

- აპირებთ, რომ ბავშვებს უფლება მისცეთ, დედასთან იურთიერთონ?

- ვინ უშლის? არავინაა დამშლელი. თვითონ წავიდა და მე რა შუაში ვარ?

- ახლა რომ უგზავნის ტანისამოსსა და სათამაშოებს, რატომ არ მიგაქვთ შვილებამდე?

- ჩემს ადვოკატს დაელაპარაკეთ, ის გაგცემთ პასუხს

 

ნინო იასაღაშვილი (მამა პლატონის ადვოკატი):

ჩემი კლიენტი ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას. ჩვენ გვქონდა სასამართლო, რომელმაც ბავშვების საცხოვრებელ ადგილმდებარეობად მამის სახლი განსაზღვრა, მას კი მისცა უფლება, გარკვეულ დღეებში ენახა შვილები. მხარეებს შორის შეთანხმებაც გაფორმდა. უფროსმა შვილმა, ლაზარემ კატეგორიული უარი განაცხადა დედასთან წასვლაზე. გოგონა მაშინ 5 წლის იყო და იმას სასამართლომ თავად განუსაზღვრა საცხოვრებელი ადგილი. ბავშვებთან მუშაობდნენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, რადგან გოგონას ჰქონდა შფოთვები და სჭირდებოდა ყურადღება. მამა პლატონი ძალიან პატივსაცემი ადამიანია, უკვე მესამე წელია, მამა ზრდის ბავშვებს, თვითონ წასულია სხვა ქვეყანაში და არც ის თქვას ვინმემ, რომ მამა პლატონი ძალადობდა ცოლზე. ქალის პოზიციას უნდა ვიკავებდე, მაგრამ ამჯერად სიმართლის მხარეს ვიკავებ და გეუბნებით, რომ მამა პლატონი დამნაშავე არაფერშია და ტყუილად სახელისა და რეპუტაციის შელახვას ნურავინ შეეცდება.

თეონა ივანიძე:

- ადვოკატის ნალაპარაკევი არის სრული ბოდვა. ჩვენ არ გვქონია სასამართლო პროცესი ბავშვების ადგილმდებარეობის მინიჭებაზე. გვქონდა მხოლოდ განქორწინების პროცესი, სადაც ვითხოვდი ალიმენტსაც. თუმცა, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მომატყუა და როგორც ზემოთ გითხარით, შემითანხმდა, რომ თუ ალიმენტის დანიშვნაზე უარს ვიტყოდი, ბავშვებს გამატანდა საზღვარგარეთ. როგორც კი ოფიციალურად უარი ვთქვი ალიმენტზე, მაშინვე გადათქვა და ბავშვები აღარ გამომატანა. მოსამართლემ ბავშვების საცხოვრებლის განსაზღვრაზე გვითხრა, რომ ჩვენ თვითონ შევთანხმებულიყავით და ამ საკითხზე სასამართლო დავა არ გვქონია.  შესაბამისად, არც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს! უნამუსოდ იტყუება ადვოკატი. სასამართლომდე 5 დღით ადრე უფროსი შვილი მამამისმა თავისთან წაიყვანა და სასამართლოზე განაცხადა, რომ ლაზარე მამასთან ცხოვრებას ირჩევდა. ესეც ტყუილი იყო, წმინდა წყლის ტყუილი! მე გული მისკდება იმის გამო, რომ შვილებთან ურთიერთობის უფლებას არ მაძლევს. თვითონ იძახის, რომ არ მიშლის, მაგრამ  ორ თვეში ერთხელ რომ მალაპარაკებს ბავშვებს და ისიც ისე, რომ კამერით დანახვის უფლება არა მაქვს, ამას ეძახის ბავშვებთან ურთიერთობას? მათზე ზრუნვა მინდა, ვიდრე ბავშვებს ჩემთან წამოვიყვან, მანამდე მსურს, რომ ტანისამოსით, სათამაშოებით და სხვა საჭირო ნივთებით უზრულველვყო, მაგრამ ამის საშუალებესაც არ მაძლევს, ჩემს გაგზავნილ ნივთებს სხვებს ჩუქნის და გჯერათ, რომ ეგ ბავშვებთან ურთიერთობას არ მიზღუდავს? მე ვარ პირველ რიგში დედა და არა მხოლოს იმ ბავშვის, რომელიც მეორე ქორწინებიდან მყავს. ჩემი უფროსი შვილების დედა ვარ პირველ რიგში, რადგან მათ უფრო ვჭირდები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემ გვერდით იყვნენ!

width=600

width=600