ახალციხეში ვირუსების შემთხვევებმა იმატა

23:29 01-12-2020
113

ახალციხეში ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა. ქალაქის ორივე კლინიკაში ბოლო 10 დღეა პაციენტების რაოდენობა თანდათან იზრდება. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ძირითადად, მაღალი სიცხით, ხველებით, სურდოთი და ღებინებით შედიან.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მათთან შესული პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. დღეის მდგომარეობით, სტაციონარში 25 პაციენტი რჩება, დანარჩენებს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდათ და გაეწერნენ.

კლინიკა „იმედს“ პირველი იანვრიდან დღემდე 300-მდე პაციენტმა მიმართა, აქედან 20 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მათი ასაკი ძირითადად, 0-დან 6 წლამდეა. პაციენტები კლინიკაში საშუალოდ, 5 დღის განმავლობაში რჩებიან.

ორივე სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ძირითადად, A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. თუმცა, საერთო მდგომარეობა საგანგაშო არ არის. შესაბამისად, სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების მიზეზს მედიკოსები ვერ ხედავენ.

ავტორი: რუსკა გვარამაძე