სპრედი კარაქის ნაცვლად! - რატომ ამოიღეს ქსელიდან „მალკოს“ კარაქი

13:20 01-08-2020
1188

ნაღების კარაქი „მალკო“, რომელსაც ეტიკეტზე გარკვევით აწერია, რომ მის შემცველობაში რძის ცხიმი 82,5%-ია, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მცენარეულ ცხიმებსაც შეიცავს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო დახლზე ნაღების კარაქის ნაცვლად სპრედი იყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ „momxmarebeli.ge“  ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 6 და 10 დეკემბერს მათ მომხმარებლებმა მიმართეს ამ პროდუქტის შემოწმების თხოვნით. ისინი ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ კარაქი „მალკო“ მცენარეული ცხიმისგან იყო დამზადებული.

აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, „momxmarebeli.ge“ -მ შეიძინა აღნიშნული პროდუქტი და კვლევისთვის ლაბორატორიაში ჩააბარა. ექსპერტებს უნდა დაედგინათ პროდუქტში რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმების შემცველობის განსაზღვრა.

ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ პროდუქტში, რძის ცხიმის გარდა, სხვა ცხიმების ნარევი, მათ შორის, მცენარეული ცხიმებიც აღმოჩნდა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე გაეგზავნათ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“, მაღაზიას სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი და ასევე მწარმოებელთან.

მალკო“-ს მწარმოებელი შპს რესპუბლიკის წარმომადგენელი განმარტავს, რომ: „კარაქი დაფასოვდა იმ დანადგარით, რომლითაც ასევე მოხდა სპრედის დაფასოება. შესაძლებელია მცენარეული ცხიმის ნაწილაკები მოხვდა კარაქში. რეაგირება მოხდა პრეტენზიაზე და პროდუქტი ამოღებულ იქნა ქსელიდან.“

რა ნიშნავს სპრედი?

„სპრედი“ (Spread) ინგლისური სიტყვაა და პურზე წასასმელი რაიმე პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს შეიძლება იყოს რძისაგან, ან მცენარეული ცხიმისგან დამზადებული კარაქის მსგავსი პროდუქტი, მარგარინი, ჯემი, რბილი ყველი, სხვადასხვა ტიპის ტკბილი ან მჟავე პურზე წასასმელი პროდუქტი.

სპრედი შეიძლება კარაქივით გამოიყურებოდეს, მაგრამ სპრედი კარაქი არ არის. კარაქის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით, სხვა მოთხოვნებია გათვალისწინებული.

სპრედი შეიძლება დამზადებული იყოს როგორც რძის, ისე მცენარეული ცხიმისგან, ან მათი შერევით. სპრედის შემადგენლობა, ცხიმიანობა ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. ასე რომ, მნიშვნელოვანია წავიკითხოთ ეტიკეტი! 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი