მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს პატიმრობა შეეფარდა

13:36 01-07-2020
498

თბილისის საქალაქო სასამართლო ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ზურა ფოფხაძეს პატიმრობა შეეფარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა.

სპეცრაზმელი ფაქტს აღიარებს და მომხდარის დეტალებს აღწერს. კერძოდ, საუბარია მისი ავტომობილის გატაცების მცდელობაზე, რაშიც ის სწორედ ძმებ წურწუმიებს ადანაშაულბს, ვინაიდან ჩვენების მიხედვით, მან გატაცების ფაქტს ადგილზე მიუსწრო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირების დროს მურად წურწუმიამ მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, რომ მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ“, – აღნიშნა განსასჯელმა.

3 იანვარს დაიწყო გამოძიება 2 იანვარს თბილისში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.