„ჩემზე ზეწოლას ვერ ბედავდნენ“, - გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

15:42 01-06-2020
2461

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალების საკითხს ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთან“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტობის დროს, მისი პირადი სურვილი იყო, სასულიერო პირისთვის თავისუფლება მიენიჭებინა, თუმცა, ეს არ მოხდა.

„ჩემი პრეზიდენტობის დროს, ჩემი პირადი მოტივაცია, ჩემი გეგმა, ხედვა ამ საქმესთან დაკავშირებით იყო ის, რომ გიორგი მამალაძის სასჯელის ვადა გამენახევრებინა. ეს ბოლო შეწყალებაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, ბოლო შეწყალება საერთოდ არ მოხდა, სრულიად სხვა საკითხებიდან გამომდინარე და არა - მამალაძის.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამ საქმესთან მიმართებაში არის ის, რომ დეკანოზ მამალაძის უფლებები, გამოძიების დაწყებიდანვე დარღვეულია სახელმწიფოსა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკური ფიგურების მიერ. გახსოვთ, ალბათ, ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა და მეორეს მხრივ, თვითონ მამალაძის მხარეს, გრიფის დადებიდან გამომდინარე, აკრძალული ჰქონდა საჯარო კომენტარების გაკეთება მაშინ, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები ამ საკითხზე განცხადებებს აკეთებდნენ. ამ ფაქტორიდან გამომდინარე, როგორც აღვნიშნე, ჩემი შინაგანი რწმენა იყო, რომ მისთვის სასჯელი გამენახევრებინა.

არასდროს, არავითარი ზეწოლა ან რაიმე მსგავსი, ზეწოლის მცდელობა თუ წინასწარ რაიმე გავლენის მოხდენის მცდელობა, ჩემზე არ ყოფილა, ამას ნამდვილად ვერ ბედავდნენ.

აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ ასეთი იყო ჩემი განწყობა და მე ეს ვერ განვახორციელე, მამალაძისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ბოლო შეწყალება, სამწუხაროდ, არ შედგა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „პრაიმთაიმთან“ საუბარში.

ავტორი: თამთა დადეშელი