რობერტ სტურუა: ვერ ვიტან ქუჩურ დემოკრატიას, არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძვის

20:46 01-05-2020
1051

თეატრი არ უნდა იყოს სახელმწიფო შენობებთან ახლოს.  ვერ ვიტან ქუჩურ დემოკრატიას , - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა ტელეკომპანია RTVI-ის გადაცემას „На троих“ („სამისთვის“ – წამყვანები: ეკატერინე კოტრიკაძე და ტიხონ ძიადკო) მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ჩვენ ამას შევეჩვიეთ, ძალიან ნაცნობი ამბავია, რადგან აქ 30 წლის განმავლობაში იმართება მიტინგები. თეატრი არ უნდა იყოს სახელმწიფო შენობებთან ახლოს. უკვე გამაღიზიანებელია… ვერ ვიტან ქუჩურ დემოკრატიას. მინდა, ხალხი დაწყნარდეს. ამ ყველაფერს, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან და პოლიტიკასთან. არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იბრძვის ძალაუფლებისთვის. ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა“, - ამბობს სტურუა.

რობერ სტურუა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღემდე აქტუალობასთან დაკავშირებითაც საუბრობს.

„სააკაშვილმა საქართველოდან ბევრი ფული წაიღო. ვფიქრობ, ის უფრო მდიდარია, ვიდრე ივანიშვილი. ის იქიდან უბრალოდ კი არ გვიყურებს, არამედ გვმართავს. ეს ყველაფერი ფულის ხარჯზე ხდება. ქართველები ბოლო დროს ისე გაირყვნენ, რომ ფულის გამო ყველაფერზე წავლენ. ნათელია, რომ მათ 20 ლარს, შემდეგ 50-ს უხდიან და ჩამოყავთ პროვინციიდან. ეს ყველაფერი სპექტაკლია“, - აცხადებს სტურუა.

რეჟისორმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგიც გაიხსენა, სადაც წამყვანმა ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. სტურუა მიიჩნევს, რომ ეს დიდი სირცხვილი იყო.