ტრამპი - შევარჩიეთ 52 ირანული ობიექტი, ჩვენი დარტყმა ძლიერი იქნება

09:15 01-05-2020
1092

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს.

„ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის. ეს უნდა იყოს გაფრთხილება, რომ თუ ირანი დაარტყამს რომელიმე ამერიკელს ან ამერიკულ ობიექტებს, ჩვენ უკვე ამოვიღეთ მიზანში 52 ირანული ობიექტი (რაც სიმბოლურად მრავალი წლის წინ ირანის მიერ მძევლად აყვანილ 52 ამერიკელს წარმოადგენს). ამ სამიზნეების ნაწილი ირანისთვის და ირანული კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამიზნეებს და თავად ირანსაც ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ. აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს“ - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ ამერიკის საელჩო. თავდასხმის ორგანიზებაში ბრალს აშშ ირანს უყენებს - ირანი ბრალდებას უარყოფს.

საელჩოს შტურმით აღების მცდელობას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ, განხორციელებული ავიადარტყმები შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ამერიკის საელჩოზე თავდასხმის საპასუხოდ, სპეცსამსახურებმა ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს, რომელიც ირანში ძალაუფლებით აიათოლა ჰამენეის შემდეგ, ყველაზე გავლენიან თანამდებობის პირად მიიჩნეოდა.