გამომძიებლის პირველი კომენტარი, რომელმაც 15 წლის მოზარდი გამოკითხა

21:25 12-15-2019
1596

„მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქმის გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მოზარდის გამოკითხვა დედასთან ერთად მიმდინარეობდა.

„კომუნიკაცია ბავშვთან ხდებოდა დედის მონაწილეობით, მოზარდი არ ყოფილა დედის გარეშე. მთელ პროცესს დედა ესწრებოდა. როგორც გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მოზარდი სამი საათის განმავლობაში დედის გარეშე ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამბობს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი.

გამომძიებელი განმარტავს, რომ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელმა დედისგან განმარტოებით და იმავე სივრცეში მარტო გაიყვანა. მისივე თქმით, ეს დედისა და შვილს შორის უთანხმოების გამო გახდა აუცილებელი.

„უთანხმოებაზე, განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გამოიწვია მოზარდი გვერდზე, ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ და განუმარტა მოზარდს, რომ უნდა მოქცეულიყო წესიერად. ხოლო მეორე დღეს, ისევ მე მქონდა კომუნიკაცია მათთან. დილით დედა დამიკავშირდა და მითხრა რომ მოზარდს უნდოდა ახალი ჩვენების მიცემა და იტყოდა სიმართლეს. შევთანხმდით, რომ მოზარდი დედასთან ერთად განყოფილებაში 11 საათზე მოვიდოდა. გამოცხადნენ ზუსტად 11 საათზე, გავესაუბრე მოზარდს ახალ დეტალებთან დაკავშირებით. გასაუბრების დროს მოზარდმა არ მომაწოდა განსხვავებული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. შესაბამისად მომხდართან დაკავშირებით გამოკითხვა აღარ ჩატარდა, რის შეწმდეგაც მოზარდი გაშვებულ იქნა დედასთან ერთად განყოფილებიდან“, - ამბობს გამომძიებელი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.