აჭარაში სკოლის დირექტორების გათავისუფლების წესი იცვლება

09:56 11-30-2019
11

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს აჭარის ავტონომიური საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებისთვის გარკვეული სახის უფლებამოსილებების გადაცემას გულისხმობს.

კერძოდ, ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამინისტროებს მიეცემათ უფლება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, გაფრთხილება მისცენ და შემდეგ გაათავისუფლონ საჯარო სკოლის დირექტორები და დაითხოვონ სამეურვეო საბჭოები.

როგორც კანონპროექტზე საუბრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილმა განაცხადა, ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს ავტონომიურ რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს, ეფექტურად მართონ მათ იურისდიქციაში მყოფი საჯარო სკოლები. ამ შემთხვევაში კი საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ 229 საჯარო სკოლაზე.

ვლადიმერ მგალობლიშვილის თქმით, ცვლილებები შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

„ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა შეთანხმებულია ყველა მხარესთან და არსებობს მზაობა, რომ განხორციელდეს ამ უფლების დელეგირება ავტონომიებისთვის და შემდეგ მოხდეს მისი ეფექტური გადაწყვეტა“, – განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.