„ასეთი ბედნიერი და გაცინებული ანიტა ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი“ - რა გაუხარდა 2 წლის ანიტას

21:33 11-29-2019
12675

ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ამ ეტაპზე ვიმყოფებით ავსტრიაში, ქალაქ გრაცის საავადმყოფოს რეანიმაციაში. აქ შემოვედით ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გაგვიმართლა, რომ შეგვხვდნენ ძალიან გულისხმიერი ექიმები, რომლებიც გულწრფელად შეწუხდნენ ანიტას მდგომარეობით და შეუტიეს აგრესიული თერაპიით. ამ მკურნალობამ ბავშვი კლინიკურად უკეთესობისკენ წამოიყვანა. ასეთი ბედნიერი და გაცინებული ანიტა ბოლოს თბილისში მყავდა ნანახი. გვესტუმრნენ აქაური ქართველები. მოუტანეს უამრავი სათამაშო და კიდევ უფრო გაახარეს ქალბატონი. ეხოსკოპიის მონაცემები იგივეა, გაუმჯობესება არ აქვს, მაგრამ თვითონ ბავშვი აშკარად უკეთესად გრძნობს თავს. ჩვენთვის ესეც დიდი ბედნიერებაა ამ ეტაპზე. მადლობა, რომ ასე შეგვიყვარეთ, მადლობა რომ ჩვენ გვერდით ხართ. უკვე მშვიდად ვარ და ვიცი ძლიერი ძალა დგას ჩემს ზურგს უკან.

აღარ ვარ ის გულგახეთქილი და შეშინებული დედა, როგორიც თავიდან გამიცანით. თქვენი წყალობით, იმედიანად და შემართებით ვართ. მიყვარხართ.

პ.ს. აქამდე მეგონა ვერ გაიგებდა, მაგრამ გუშინ ვცადე და ვაყურებინე პატარების ვიდეოები, სადაც ანიტას მიმართავენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ. გაგიჟდა სიხარულით. პირზე იფარებდა ხელებს და მორცხვად იცინოდა. რამდენჯერმე ახვევდა თითოეულ ვიდეოს. მადლობა თქვენ, უსაყვარლესო პატარებო “, - წერს მარიკო სადრაძე.