18 წლის ზუგდიდელმა გოგონამ იტალიაში სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა

19:31 11-29-2019
406

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ორსანტიაში დაბადებულმა 18 წლის თამუნა ხაზალიამ იტალიაში, ქალაქ გალლიპოლიში გამართულ ყრუთა შორის მსოფლიო სილამაზის კონკურსში „მისს ფოტოგენურობის“ ტიტული მიიღო.

გოგონა მესამე ადგილის მფლობელი გახდა. მან „პრაიმტაიმს“ უთხრა, რომ იგი თბილისის 203-ე საჯარო სკოლის, ყრუთა კავშირთან არსებულ ანსამბლ „ლილეში“ ცეკვავს.

„ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გავიმარჯვე სკოლის სილამაზის კონკურსში, ავიღე პირველი ადგილი. 14 წლის ასაკში კი მონაწილეობა მივიღე სილამაზის კონკურსში, სადაც „მის სიმპატია“ გავხდი. ხოლო წელს, ზაფხულში ყრუთა საზოგადოების კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფლორა ბეჟანიშვილმა შემომთავაზა მონაწილეობის მიღება მსოფლიო სილამაზის კონკურსში ყრუთა შორის, რომელიც იტალიაში უნდა ჩატარებულიყო, ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო. რა თქმა უნდა, ბევრი არ მიფიქრია და დავთანხმდი, დიდი საზრუნავი გამიჩნდა, მინდოდა ღირსეულად წარვმდგარიყავი, რადგან მინდოდა, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმომეჩინა“, - ამბობს თამუნა ხაზალია.

მისივე თქმით, იტალიაში ქართული დელეგაცია ოთხი ადამიანისგან შედგებოდა. კონკურსანტებისთვის დაგეგმილი პროგრამა მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

„იყო ექსკურსიები სხვადასხვა ქალაქში, არაჩვეულებრივი გარემო. საკონკურსო ქალაქი გალიპოლია, პატარა ზღვისპირა ქალაქია, ულამაზესი ისტორიული ძეგლებით და გარემოთი. გავდიოდით მომზადებას, ვვარჯიშობდით. ეს იყო საუკეთესო დრო ახალი მეგობრების გასაცნობად. განსაკუთრებულად საინტერესო და საოცარი იყო კონკურსის დღე, რადგან ამდენი ადამიანი ერთმანეთს გულშემატკივრობდა. ეს იყო ადამიანების თანადგომის და ურთიერთპატივისცემის საუკეთესო მაგალითი. მე მესამე ადგილი დავიკავე. ყველა გრძნობა ერთად მერეოდა, დიდი სიხარული იყო, ეს ის შემთხვევაა, რომლის დავიწყებაც ცხოვრებაში შეუძლებელია. მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ვყოფილიყავი ასეთი მასშტაბის კონკურსის მონაწილე“, - ამბობს თამარი.

ასევე იგი მოგვიყვა მისი ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზე.

„ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში სიმსივნეს ვებრძოდი, მართალია ეს რთული მომენტები ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა გადავიტანე, რამდენიმე ურთულესი ოპერაცია, ქიმიოთერაპია, ჰო ეს ის ქიმიოთერაპიაა, რომელმაც სმენის დაქვეითება შეძლო, ჩემი კი ვერა. ოჯახმა სახლიც კი გაყიდა, რადგან ყოველგვარი ძალა გამოეყენებინათ ჩემს გადასარჩენად, უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურული იყო, ექიმები ვეღარაფერს მშველიდნენ, სწორ დროს, სწორ მომენტში, როცა ფაქტობრივად სიცოცხლეს ვემშვიდობებოდი, გამოჩნდა „უფლის ორი ანგელოზი“ ადამიანის სახით, მათ ილოცეს ჩემს გამოჯანმრთელებაზე და ღმერთმა სასწაული მოახდინა, როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ლოცვის შემდეგ წყალი მოვითხოვე, ცოტა ხნის შემდეგ საჭმელი, ახლა კი სრულიად ჯანმრთელი ვარ. ყველაფერი შეიცვალა, უკვე ახალი ბევრად უკეთესი სახლი ავაშენეთ და იმ დღის შემდეგ მთელი ოჯახი ვემსახურებით უფალს. მე ვხატავ მისთვის, ვცეკვავ, ვამუშავებ საგალობლებს ჟესტურ ენაზე და დღემდე ვაგრძელებ მისი წყალობით წარმატებით წინსვლას“, - ჰყვება „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თამუნა ხაზალია.

 

ავტორი: თეა შონია