„90% ერთკაციანი ან კაცნახევრიანი პარტიაა და 1%-იანი რეიტინგიც კი არ აქვთ“ - ვაკა გორგილაძე

21:18 11-17-2019
333

 ექსპერტი ვაკა გორგილაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და აქციებზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:

- ის ვითარება, რაც ბოლო დღეებში შეიქმნა, განსხვავებული და უნიკალურია სხვა მსგავსი ვითარებებისგან, ვარდების რევოლუცია იქნებოდა თუ 2012 წელი. დიდწილად, ეს პროტესტი, თავისი ბუნებით, არანაირად არ უკავშირდება მოსახლეობაში არსებულ განწყობებს, ირელევანტურია. ეს სუფთა პარტიული სისტემის ბუნტია, რომლის უკანაც უკმაყოფილება დგას იმის გამო, რომ „ოცნებამ“ არ შეასრულა თავისი დაპირება პარტიული საარჩევნო სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. ამ პროტესტის ლეგიტიმაცია რაიმე ეგზისტენციალურ საკითხებთან დაკავშირებით არ დგას. ოპოზიციამ ჩათვალა, რომ პარტიები „გადააგდეს“, მათ შორის, ისეთები, რომლებიც 3%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში, ვერ გადალახავენ ამ ნიშნულს. 90% ერთკაციანი ან კაცნახევრიანი პარტიაა და 1%-იანი რეიტინგიც კი არ აქვთ.

 სერიოზულ პარტიულ ორგანიზაციებს, ვინც იქაა შეკრებილი, საკუთარი ტელევიზია ემსახურება - „ნაციონალურ მოძრაობასაც“, „ევროპულ საქართველოსაც“ და „პატრიოტთა ალიანსსაც“. ოპოზიციის ნაწილი, ეს რადიკალური ფრთა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ვითარება დაიძაბოს. თუმცა, ის, რაც რუსთაველზე და „აჭარასთან“ ხდება, რა თქმა უნდა, დიდწილად არ ასახავს იმ განწყობებს, რაც მოსახლეობაში რეალურადაა, არ არის მზაობა, რომ გამოვიდეს და ანტისახელმწიფოებრივ მოძრაობაში ჩაერთოს.

მათი სცენარია თავიანთი მოქმედებების რადიკალიზაცია, პროვოკაციული ხასიათის, რის შედეგადაც უნდათ მიაღწიონ იმას, რომ ხელისუფლებამ მათზე იძალადოს. ეს აქტივობებია სახელმწიფო ობიექტების პიკეტირება, მათი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა ნებისმიერი გზით და ა.შ.

- რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, ამის თავიდან ასაცილებლად და იმ შემთხვევაში, თუკი საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს?

- სახელმწიფოსთვის მთავარი საფრთხე, გამოწვევა, რისკი არის იმგვარ პროვოკაციაზე წასვლა, რომელმაც ღმერთმა არ ქნას, მსხვერპლით ან მასობრივი დაზიანებით დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პროვოკაციებს არ წამოეგოს. მას ერთი ამოცანა აქვს - ბალანსი დაიცვას და ზღვარზე გაიაროს, სახელმწიფოს პრესტიჟი და ღირსება შეინარჩუნოს. ეს არის მთავარი.

 

ავტორი: თამთა დადეშელი