ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, ნოემბერი იქნება ბრძოლის დასასრული - უდუმაშვილი

13:38 11-17-2019
16

ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბერი იქნება ბრძოლის დასასრული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

„მთავარი მოთხოვნაა, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს. ეს პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ივნისი თუ იყო ბრძოლის დასაწყისი, დარწმუნებული ვარ, რომ ნოემბერი იქნება ბრძოლის დასასრული. რაც შეეხება გარდამავალ მთავრობას, ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნები და შემდგომ უკვე ტექნიკური საკითხია და მოლაპარაკებების თემაა. მთავარია, რომ საზოგადოების ნდობა ჰქონდეს დროებით მთავრობას, რომელმაც უნდა ჩაატაროს ქვეყანაში არჩევნები. მთავარია, ხალხს ნდობა გაუჩნდეს, რომ რეალურად ქვეყანაში ტარდება მართლაც დემოკრატიული არჩევნები. ახლა აღარ არის იმაზე დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილს სურს, თუ არა და რა სურს მას, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას გამართავენ.

ამასთან, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციაც.

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი” უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის. 

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება” და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს.