ვინ ჩაანაცვლებს სოფო ქაცარავას პარლამენტში?

16:00 11-16-2019
72

სოფო ქაცარავა პარლამენტში, „ქართული ოცნების პროპორციული სიით ბენო ქაშაკაშვილმა შეიძლება ჩაანაცვლოს. 

დღეს ქაცარავამ საპარლამენტო მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას“, – დაწერა ქაცარავამ.

ვანო ზარდიაშვილის მიერ სადეპუტატო მანდატის დატოვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პროპორციული სია თემურ გოცირიძეზე არის გაჩერებული, რომლის თაობაზეც პარლამენტს ცესკო-მ ინფორმაცია უნდა წარუდგინოს, რადგან მისი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა ჯერ არ მომხდარა.

სოფო ქაცარავას საკანონმდებლო ორგანოში ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრს ბენო ქაშაკაშვილს შეუძლია, რომელიც სიაში თემურ გოცირიძის შემდეგ, 53-ა. იმ შემთხვევაში, თუ ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიაში მომდევნო პაატა გოგოხიაა.

ბენო ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების პროპორციულ სიაში 53-ე ადგილს იკავებდა.

ბენო ქაშაკაშვილი დაიბადა რუსთავში. არის საქართველოს ალპინიზმისა და მეკლდეურობის ასოციაციის პრეზიდენტი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.