„საჯარო სამსახურში შემცირებები დაიწყო, იშლება სამინისტრო“ - უწყებიდან გამოშვებული თანამშრომელი

22:39 11-04-2019
1201

„ჯანდაცვის სამინისტროში დიდი არეულობაა. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის გამო გარღვეულ ბიუჯეტს თანამშრომელთა რაოდენობის დაკლებით აბალანსებენ“ - ასე დაიწყო „პრაიმტაიმთან“ საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა თანამშრომელმა. ამბობს, რომ შემცირება არა სამსახურეობრივი პასუხისმგებლობების და ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მიხედვით მიიღება, არამედ ნაცნობ-მეგობრობით. სამინისტროს დაქვემდებარებული ქვეუწყებები ნაწილდება და სულ სხვა გადალაგება ხდება.

„ნაკლებ მტკივნეული სიტყვით „რეორგანიზაციით“ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს სახლში გაუშვებდნენ. დღეის მდგომარეობით, უწყებიდან გათავისუფლდა 125 თანამშრომელი. ე.წ. გასაუბრებები გრძელდება, იმდენად მოკლე დროში უნდა გაიცხრილონ დასაქმებულები, რომ „სკაიპის“ მეშვეობით ხდება გასაუბრება, რომელსაც უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია უძღვება. დღეს, სამინიტროს ერთ-ერთი უწყების, ძველი თბილისის სამსახურის თანამშრომლებს სწორედ სოციალური ქსელში ესაუბრნენ...

ჯანდაცვის ბიუჯეტი გარღვეულია ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია, რომ საავადმყოფოების გარკვეული ნაწილი დაიხურა სწორედ სახელმწიფო დავალიანების გამო. ზედა ეშელონებში არც სამივლინებო ხარჯებს იკლებენ, არც პრემია-დანამატებს და არც სხვა მატერიალურ სიკეთეებს. ამიტომ, ჯოხი საშუალო და დაბალ რგოლზე ტყდება. თუ ჩვენი კადრები საჭირო არ იყო, აქამდე რატომ არსებობდა. უსაქმურად ნამდვილად არ ვყოფილვართ. დეპარტამენტების გაუქმება ნორმალურია. ტოვებენ იმას, ვისაც პატრონი ჰყავს და არა იმას, ვინც რეალურად საქმეს უძღვება. აუცილებლად სასამართლოს მივმართავ ჩემი შრომითი უფლებების დასაცავად“ - ამბობს სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომელი.

პრაიმტაიმმა“ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა. უწყებაში საკადრო შემცირება ერთადერთი მიმდინარე პროცესი არაა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასში შემავალი ქვეუწყებები ისევ გამოეყოფა და სხვადასხვა სააგენტოებად გარდაიქმნება.

დევნილთა სამინისტროს გაუქმების და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ, დევნილებზე ზრუნვის ორგანო ცალკე სააგენტოდ ყალიბდება. იგივე პრინციპით შეიქმნება დასაქმების სააგენტო. რაც შეეხება სოციალური მომსახურების სააგენტოს, ის ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს შეუერთდება. ამ მოდელის ავტორი ჯანდაცვის ახალი მინისტრია.

„პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ ჩვენს ინფორმაციაზე კომენტარს უახლოეს დღეებში გააკეთებენ.